19 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ჩვენი მიზანია იურიდიული კომიტეტი არ იქცეს უღირსი მოსამართლეების გამტარად საპარლამენტო სესიაზე - ფოფხაძე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ გედევან ფოფხაძე პირველ კომენტარს აკეთებს.

ფოფხაძე ამბობს, რომ მისთვის თვითმიზანი თანამდებობის დაკავება არასოდეს ყოფილა. მისი განცხადებით, ეკა ბესელიას, მას და მათ მხარდამჭერებს ერთადერთი მიზანი აქვთ, რომ არ მოხდეს იურიდიული კომიტეტის გავლით, საპარლამენტო სესიაზე "უღირს მოსამართლეთა" სიის წარდგენა და მათი უზენაეს სასამართლოში გამწესება.

„მე რაიმე თანამდებობა არ შემიძენია, აქ თანამდებობაზე ლაპარაკი არ იყო, ყველას გვაინტერესებდა, იურიდიული კომიტეტი არ იქცეს გამტარად უღირსი მოსამართლეების საპარლამენტო სესიაზე. რა თქმა უნდა, სესიაზე ჩვენ ჩვენს სიტყვას ვიტყვით, მაგრამ მთავარი ამოცანაა, პროცედურები ისე გაიწეროს ჩვენ მივიღოთ ღირსეული მოსამართლეები.აქ ვიღაცასთან ნიშნის მოგება ან ვიღაცისთვის რაღაცის დემონსტრირება ჩვენთვის მიზანი არ არის,“-აცხადებს გედევან ფოფხაძე.

ფოფხაძეს მხარი იურიდიული კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა.კომიტეტის სხდომაზე სამი კანდიდატურა იყო დასახელებული - გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და რუსლან პოღოსიანი. ​კენჭისყრა ორჯერ გაიმართა.

გედევან ფოფხაძემ პირველ ჯერზე კომიტეტის წევრთა 6 ხმა მიიღო, ლევან გოგიჩაიშვილმა 5, რუსლან პოღოსიანმა კი 1.

ხმათა ასეთი გადანაწილების გამო, იურიდიული კომიტეტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ კენჭისყრაზე მეორედ დააყენა ლევან გოგიჩაიშვილისა და გედევან ფოფხაძის არჩევის საკითხი.

კენჭისყრის მეორე ტურში გედევან ფოფხაძეს შვიდი ხმა ერგო. შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ პირველი მოადგილის თანამდებობას გედევან ფოფხაძე დაიკავებს.

კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ ხელი მოაწერა გადადგომის შესახებ განცხადებას, რომელიც დღესვე გაეგზავნება ბიუროს. ბესელიას გადადგომის შემდეგ მის მოვალეობას გედევან ფოფხაძე შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გასულ კვირას გააკეთა. მიზეზად მმართველი გუნდის დეპუტატმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია დაასახელა.

დღის ამბები