25 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
ბედობის ღამეს თიანეთში მომხდარი მკვლელობა პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა

ბედობის ღამეს თიანეთში დატრიალებული ტრაგედია პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. ყოფილი თანაგუნდელები და მუდმივი ოპონენტები ზაქარია ქუცნაშვილი და თამაზ მეჭიაური, ერთმანეთის მისამართით ბრალდებებს არ ერიდებოდნენ.

მაჟორიტარმა დეპუტატმა მკვლელობის ხელშეწყობაში ირიბად თამაზ მეჭიაური დაადანაშაულა, რასაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის ბრალდებები მოჰყვა.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა სისხლიან დაპირისპირებაში და რა გახდა სადღესასწაულო სუფრის მონაწილეებს შორის გარჩევის მიზეზი, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა.

თიანეთში ამ დრომდე მიმდინარეობს გამოკითხვები. სისხლიანი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი სამართალდამცველებმა საავადმყოფოში გამოკითხეს. დაწყებულია გამოძიება ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მუხლი.

პოლიციის დატოვების შემდეგ მოკლულების ახლობლებმა „კურიერთან“ განაცხადეს, რომ მკვლელობის არანაირი ვერსია არ აქვთ, რადგან ორ გარდაცვლილს სიცოცხლეში ერთმანეთთან კონფლიქტი არ ჰქონიათ.

თიანეთში ორი მამაკაცი სასიკვდილო ჭრილობებით ეზოში იპოვეს.  მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. მძიმედ არის დაჭრილი კიდევ ერთი პირი, რომელიც სიკვდილს გადაურჩა და კლინიკაში თავად მივიდა.

მოკლულებიდან ერთ-ერთი 57 წლის ოლეგ შუშანაშვილია. მასთან ერთად, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მოკლულია მისი მეზობელიც. მძიმედ არის დაჭრილი თიანეთში მცხოვრები 32 წლის მამაკაციც, რომელიც არსებული ინფორმაციით ​შუშანაშვილთან საახალწლო სუფრაზე სტუმრად იმყოფებოდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები