26 აპრილი 2024,   12:28
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი შესაძლოა, გადადგეს და თალაკვაძე მდინარაძემ შეცვალოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, შესაძლოა, გადადგეს და ის მამუკა მდინარაძემ ჩაანაცვლოს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თალაკვაძემ შესაძლოა, დაიკაოს ელჩის თანამდებობა საქართველოსთვის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ქვეყანაში.

აღნიშნულ ინფორმაციას უმრავლესობის ამჟამინდელი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, არ ადასტურებს.

„არ მოგწონთ მერე? თუ რამე ცვლილებები იქნება, პირველ რიგში, მე გაგაგებინებთ ამის შესახებ,“ - ამბობს თალაკვაძე.

არჩილ თალაკვაძის მამუკა მდინარაძით ჩანაცვლების შესახებ გავრცელებული ინფორმაციას "უსაფუძვლოს" უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი, აღნიშნავს, რომ არჩილ თალაკვაძის შეცვლაზე მეტად მნიშვნელოვანი ამბები ხდება პარტიის შიგნით.  

„არის რაღაც ლაპარაკები, მე არ მგონია ამას რაიმე საფუძველი ჰქონდეს და, თუ არ ავყვებით, უმჯობესია, ვინაიდან ისედაც არის საკითხები, რომელზეც შეიძლება, საკმაოდ ჩაღრმავებული და მწვავე მსჯელობა იყოს, გინდა, სასამართლო საკითხებთან დაკავშირებით, გინდა, შიდა თუ საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირებით,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

არჩილ თალაკვაძის მამუკა მდინარაძით შეცვლას მხარს არ დაუჭერს პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ეკა ბესელია.

დეპუტატის თქმით, ეს ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ ჭორია, მაგრამ თუ რეალური ფაქტის წინაშე დადგება, ამ გადაწყვეტილებისთვის მხარის დაჭერას არ გეგმავს.  

„დარწმუნებული ვარ, რომ ჭორია და, თუ ასე დავსვამთ კითხვას - იქნება თუ არა კარგი გადაწყვეტილება, არ იქნება კარგი გადაწყვეტილება და მე, პირადად, არ დავუჭერდი ამას მხარს. არ მგონია, რომ ეს საკითხი დადგეს, მაგრამ თუ დადგება, არგუმენტებს მერე გეტყვით, მაგრამ მგონია, რომ ეს ახლა ჭორია. ბევრი ასეთი კულისებში დაბადებული სურვილები და ოცნებები გზადაგზა მესმის ხოლმე,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის წევრი, დავით ჭიჭინაძე, კი ამბობს, რომ, თუ მამუკა მდინარაძე დაიკავებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას, ამით რეალური ცვლილებები არ განხორციელდება.

„ამ ცვლილებებით არაფერი არ შეიცვლება. რა მნიშვნელობა აქვს, მამუკა მდინარაძეს ისედაც ყველაზე დიდი ფრაქცია ჰყავს და პრაქტიკულად, ისე ლაგდებიან დანარჩენი ფრაქციები. ახლა გინდა უმრავლესობის ლიდერი დაარქვი მამუკა მდინარაძეს, მისი გავლენა არ გაიზრდება. ყოველ დღე ამ ადამიანის მიერ გადადგმული ნაბიჯები, პირიქით, მის ავტორიტეტს და მის პოზიციას ასუსტებს პარლამენტში,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

დღის ამბები