03 მაისი 2024,   19:11
ვრცლად
„ეს კადრები თქვენი მმართველობის პერიოდშია შექმნილი... მიხეილ სააკაშვილი, ივანიშვილი,“ - გიორგი ლომია ოპოზიციას მიმართავს

ფარული კადრების გავრცელების საქმეზე საპარლამენტო უმცირესობის წევრები პარლამენტში მთავარ პროკურორსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს იბარებენ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე ამბობს, რომ პოლიტიკოსების წინააღმდეგ კადრების გავრცელებამ შემაშფოთებელი და საგანგაშო ხასიათი მიიღო. მისი თქმით, მთავარი დამნაშავეები კი არც ახლა და არც წინა შემთხვევებში, არ გამოვლენილან და არ დასჯილან.

„რატომ არ გამოვლენილა არცერთი პირი, არც შემკვეთი და არც შემსრულებელი წინა შემთხვევებში და რა ნიშნით შეირჩა მესამე, მეოთხე რიგის გამავრცელებლები ესეც საინტერესოა,“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კი კადრების გავრცელების მიღმა აშკარაა პოლიტიკური ინტერესი. ირაკლი კობახიძის თქმით, როცა პოლიტიკური ინტერესია დამკვეთიც უნდა იყოს პოლიტიკური სტატუსის მქონე.

კობახიძე ამბობს, რომ მას მუდმივი კონტაქტი აქვს შს მინისტრთან და იმედი აქვს, რომ საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი კი ამბობს, რომ თუკი პრევენციისთვის შედეგიანი იქნება ამ დანაშაულისთვის შესაძლოა სანქციის ზომაც გამკაცრდეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი გიორგი ლომია, დანაშაულის ჩადენაში წინა ხელისუფლების როლს ხედავს.

„ეს კადრები თქვენი მმართველობის პერიოდშია შექმნილი... მიხეილ სააკაშვილი, ივანიშვილი,“-  თქვა გიორგი ლომიამ. შემდეგ კი კითხვაზე, რატომ ახსენა ივანიშვილი-მან განმარტა, რომ ივანე მერაბიშვილის თქმა უნდოდა.

რეპლიკაზე, რომ მას სწორად წამოსცდა ივანიშვილის გვარი, როგორც კადრების შემქმნელის, ლომიამ ოპონენტებს უპასუხა:  

„ფროიდს რომ ასე ახლოს გულთან მიიტან აი, ასეთი გაუკუღმართებული სექსუალური აზროვნება გექნება.“

დღის ამბები