გენერალური პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე განცხადებას აქვეყნებს. საკითხი აქტუალური მასშემდეგ გახდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ ამ საქმის დეტალებზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა, რის შემდეგაც როგორც ოპოზიციამ, ასევე არასამთავრობო სექტორმა, ირაკლი კობახიძეს ბრალი კანონდარღვევაში დასდეს და განაცხადეს, რომ ამ ტიპის ინფორმაციასთან მას წვდომა არ უნდა ჰქონოდა.
პროკურატურაში კი განმარტავენ, რომ საქმეს გრიფი საიდუმლო 2014 წლის 25 ნოემბერს მოეხსნა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით 2014 წლის 25 ნოემბერს, სისხლის სამართლის საქმის მასალებს მოეხსნა გრიფით საიდუმლო.
კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა, როგორც ერთადერთმა კომპეტენტურმა ორგანომ, საიდუმლოების შესახებ. 2016 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით და მათ თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და 2 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა მიესაჯათ.
2017 წლის 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება და ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. თითოეულ მათგანს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
უზენაესმა სასამართლომ არ განიხილა არც ერთი მხარის საჩივარი და ამიტომ, საქმეზე ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება,“-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.