სადგურის მოედანთან მეორადი სათამაშოების საწყობში გაჩენილი ხანძარი და დაზარალებული მოვაჭრეები - სამსართულიანი შენობა მოვაჭრეებს მთლიანად დააცლევინეს.
ხანძარი სავაჭრო ცენტრ -„ქალაქის გულის“ მესამე სართულზე, მეორადი სათამაშოების საწყობში გაჩნდა და 150-მდე კვადრატული მეტრის ფართობს მოედო. რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერ უცნობია.
ერთი წლის წინ ამავე ადგილზე გაჩენილი ცეცხლის შემდეგ, შენობაში გამოცვალეს უსაფრთხოების სისტემა, თუმცა მოვაჭრეები ამბობენ, რომ ამ მათ კითხვები კიდევ აქვთ. ზოგიერთი მათგანი ერთი წლის წინ გაჩენილ ხანძარსა და დღევანდელ შემთხვევას შორის პარალელებს ხედავს.
ხანძრის ადგილას 17 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ცეცხლის ჩასაქრობად მეხანძრეებს შენობის სახურავის ნაწილის გადახდაც დასჭირდათ. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი იყო შენობის მესამე სართული, სადაც ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც არ უშვებდნენ.
ცენტრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ დაზარალებულია ერთი მოვაჭრე, რომელსაც მეორადი სათამაშოები ეკუთვნის. თუმცა, ცეცხლის ჩაქრობისას წყლის ჭავლმა გვერდით მდებარე საწყობიც დააზიანა სადაც მეორადი ტანსაცმელი ინახება, ამიტომ შესაძლოა, დაზარალებულთა რაოდენობა გაიზარდოს.
მესამე სართულის გარდა, სხვა სართულებზე მოვაჭრეებს შესვლის საშუალება, ხანძრის ჩაქრობის შემდეგ მისცეს. სავარაუდოდ ხვალ ნახავენ თავიანთ პროდუქციას მესამე სართულის მოვაჭრეები.
ადმინისტრაციის განმარტებით, შენობა დაზღვეულია და თითოეული მოვაჭრეც სარგებლობს საყოველთაო დაზღვევით. თუმცა რამდენი იქნება ზარალის რაოდენობა და რა ნაწილს ანაზღაურებენ სადაზღვევო კომპანიები, მოგვიანებით გაირკვევა.