19 მაისი 2024,   15:26
ვრცლად
უჭირს მეტყველება და ჩვეულებისამებრ ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს - გიორგი ფანცულაია მამალაძის მდგომარეობაზე

"უჭირს მეტყველება და ჩვეულებისამებრ ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს," - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ, განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, საავადმყოფოში დეკანოზი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის კვლევები მიმდინარეობს და მომდევნო რამდენიმე დღე კლინიკაში დარჩება.

პატიმრობაში მყოფი მამა გიორგი მამალაძე წუხელ მატროსოვის ციხიდან, იშემიური შეტევის დიაგნოზით, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებულს, წინასწარი დიაგნოზით, ჰიპერტონული კრიზი და თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა აღენიშნებოდა, რის გამოც, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მამა გიორგი ციხეში შეუძლოდ 18.38 საათზე გახდა, მას დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. მსჯავრდებულისთვის გადაღებულმა კარდიოგრამამ არსებითი ცვლილებები არ უჩვენა, რის გამოც, გიორგი მამალაძის სტაციონარში გადაყვანა სასწრაფო დახმარების მედპერსონალმა საჭიროდ არ მიიჩნია. 21.35 საათზე მატროსოვის ციხეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ისევ გამოიძახეს, რის შედეგადაც მსჯავრდებული შემდგომი კვლევებისათვის ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსდა. 

დღის ამბები