საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი საკუთარ განცხადებაზე განმარტებებს აკეთებს. მეუფე დანიელის თქმით, როცა მან განაცხადა, რომ დეკანოზი მამალაძის შეწყალება პრეზიდენტსა და ეკლესიას გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა, მხოლოდ მისი ვარაუდია. მეუფის განცხადებით, მან სულ სხვა რამ იგულისხმა.
მიტროპოლიტის თქმით, მან მხოლოდ ივარაუდა, რომ შესაძლოა, პრეზიდენტისა და ეკლესიის ნება, შეეწყალებინა მსჯავრდებული დეკანოზი, წინააღმდეგობაში მოდიოდა გარკვეულ საკითხებთან.
"მე გამოვთქვი ვარაუდი. მე არ ვამბობ, რომ ვიცი ეს საკითხი როგორი იყო, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეკლესიის მხრიდან იყო მზადყოფნა, რომ მომხდარიყო შეწყალება, მე მახსოვს, ცნობილი იყო ასე, რომ ბატონი პრეზიდენტი აპირებდა, ასევე მზად იყო ეკლესია და მე გავაკეთე დასკვნა, რომ რადგან ეს არ შედგა, ხომ არ იყო რაიმე ისეთი პროცედურა, რაც არ აძლევდა პრეზიდენტს ამის საშუალებას, ეს არის ჩემი ვარაუდი,“ - ამბობს მეუფე დანიელი.