18 მაისი 2024,   16:31
ვრცლად
მარგველაშვილმა ითხოვა დეკანოზ მამალაძის შეწყალება, საპატრიარქო თანახმა იყო, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა - მიტროპოლიტი დანიელი

დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნას საჩხერე-ჭიათურის ეპარქიის მიტროპოლიტი ეხმაურება.

მეუფე დანიელი ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ლოცულობენ.

რაც შეეხება მის შეწყალებით გათავისუფლებას, მიტროპოლიტი აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება პრეზიდენტს სურდა და ამის წინააღმდეგი არც საპატრიარქო იყო, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა. 

"ჩემი პოზიცია და ეკლესიის პოზიცია ასეთია, რომ როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა ამ შეწყალებას, ეკლესია მზად იყო და, რასაკვირველია, მიესალმებოდა და ახლაც იგივე პოზიციაზე დგას ეკლესია, თუ ეს მოხერხდება ეკლესია ამის წინააღმდეგი არ იქნება. პირიქით, ეკლესია არის ის, ვინც ამ შეწყალებაში მონაწილეობს. აპირებდა შეწყალებას და, მე როგორც ვიცი, ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა," - ამბობს მეუფე. 

რაც შეეხება დეკანოზის ზიარების საკითხს,  მეუფე დანიელი ამბობს, რომ ზიარება მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ არის. დეკანოზის ოჯახი მამა გიორგის ზიარებას რამდენიმე თვე ითხოვდა, თუმცა ის მხოლოდ რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში აზიარეს

მიტროპოლიტი განმარტავს, რომ მამალაძის ოჯახის წევრები და მისი მხარდამჭერები ისეთ განცხადებებს აკეთებენ და ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომ, სავარაუდოდ, ამის შესახებ „ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებული დეკანოზი ინფორმირებული არ არის.

მეუფე დანიელი ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძე მის მხარდამჭერებს ვერ აკონტროლებს.

"დეკანოზ მამალაძის გარშემომყოფი პირები ცოტა არათანმიმდევრული არიან და შეიძლება ეს არ არის ყოველთვის მისი სურვილი, ის ვერ მართავს იმ პროცესებს, რომელიც ხდება მისი გარემოცვისგან იმიტომ, რომ ის ფაქტიურად ციხეშია და ეს ადამიანები მოქმედებენ და მე მგონი, მათ მოქმედებაში არის ელემენტარული შეცდომები," - ამბობს მეუფე დანიელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები