21 მაისი 2024,   14:51
ვრცლად
პოლიტიკური კრიზისი მწვავდება - არ არის გამორიცხული, ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობა დაშლის ზღვარზეა - იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხმაურიანი განხილვის შემდეგ ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო. ბესელიას მიერ მოზადებული კანონპროექტის მოსმენა ახლა  პლენარული სხდომის ფორმატში უნდა გაიმართოს. დოკუმენტზე მსჯელობა განცხადებების ფორმატშია დაგეგმილი.

მოხდება თუ არა ეკა ბესელიას ინიციატივის პირველი მოსმენით კენჭისყრა დღესვე პარლამენტის სესიაზე, ბიუროს სხდომამ უნდა განსაზღვროს.

პოლიტიკური კრიზისი და დაპირისპირება უმრავლესობის შიგნით, რომელიც მოსამართლეების თემაზე დაიწყო, ბოლო რამდენიმე თვეა, გრძელდება. თუ დოკუმენტმა უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღო და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა ისევ გაგრძელდა, „ქართული ოცნების“ ე.წ. ამბოხებული დეპუტატები შესაძლოა, მმართველ გუნდს დაემშვიდობონ.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტზე კონსტიტუციურობის კუთხით კითხვები არსებობს. 

„თუ ვამბობთ და ვთანხმდებით, ეს ასეც არის, რომ კანონპროექტი არ შეესატყვისება, არ შეესაბამება და არ გამომდინარეობს კონსტიტუციიდან, მაშინ ასეთი კანონპროექტი არ უნდა  მივიღოთ და დამატებითი არგუმენტი, რომ ეს განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ასევე დამღუპველია, იქიდან გამომდინარე, რომ მაშინ პარლამენტს შეუძლია ამ ლოგიკით, ამ არასწორი ლოგიკით მიიღოს ნებისმიერი არაკონსტიტუციური კანონი და მერე იმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ასეთი მიდგომები საკანონმდებლო პროცესის დროს მიუღებელია და რაც არ უნდა სხვა ლეგიტიმური მიზნები გვქონდეს, ამ ლეგიტიმურ მიზნებამდე უნდა მივიდეთ კანონიერი და კონსტიტუციური საშუალებით,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დღის ამბები