16 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
ერთი კონგრესმენის ინიციატივა რომ ვერ იქნება ოფიციალურად ამერიკის პოზიცია, ეს იცის საქართველოში ყველა მოქალაქემ - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "ხალხის ძალა", გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ სტატიას ეხმაურება. სტატიის ცნობით, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ "საქართველოს მთავრობა ანტიდემოკრატიულ კურსს თუ შეცვლის, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს".

როგორც გურამ მაჭარაშვილი ამბობს, შტატებს ამ მიმართულებით ნაბიჯები გაცილებით ადრეც უნდა გადაედგათ, გამჭირვალობის კანონი კი ვაჭრობის თემად არ უნდა იქცეს.

გურამ მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს რეალურად სურს პარტნიორ საქართველოსთან ურთიერთობა გაამყაროს, ამას წინ არაფერი უდგას.

"ან აქამდე ვინ უშლიდა ხელს 30 წლის განმავლობაში ამერიკას. სანამ ჩვენ არ ვთქვით 2 თვის წინ, რომ არც სავაჭრო შეთანხმება გვაქვს ამერიკასთან, არც თავისუფალი მიმოსვლა გვაქვს, არც რაიმე ტიპის ინვესტიციები, ახლა მართალია ერთმა კონგრესმენმა, მაგრამ მაინც თავისი მოსაზრება გააჟღერა. ვნახოთ, რამდენად სერიოზულად არის ზოგადად ეს შემოთავაზება.

რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ ჩვენს სუვერენიტეტზე უარს ვიტყვით და ვასალები ვიქნებით. ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, რომ ვირტუალური რეალობა საზოგადოებას შეასაღოს რეალობად. ერთი კონგრესმენის ინიციატივა რომ ვერ იქნება ოფიციალურად ამერიკის პოზიცია, ეს იცის საქართველოში ყველა მოქალაქემ. მე ვფიქრობ, ზუსტად ამისთვის იყო ეს გადმოგდებული მაშველ რგოლად, რომ ქუჩაში მუხტი აწიონ. მაგრამ, არ გამოვა რატომ იცით? არ გამოვა იმიტომ რომ ქართველი ხალხი ხედავს ეს რეალური წინადადებაა თუ არა. თუ რეალური გახდება და კარგია თუ გახდება რეალური, ამ შემთხვევაში ჩვენ თანახმა ვართ, ოღონდ არა გაუმჭვირვალობის, შავი ფულის ხარჯვის და მონობის ხარჯზე," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

სტატიის მიხედვით, ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის კანონპროექტი, რომელიც კონგრესს გადაეგზავნება, შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს ავალდებულებს შეიმუშაოს საქართველოსთვის სამხედრო და სავაჭრო მხარდაჭერის პაკეტი, ასევე განიხილონ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი. საქართველომ უნდა აჩვენოს მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი დემოკრატიის განმტკიცების კუთხით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯო უილსონის კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უცხოური აგენტების კანონის მიღებაში. ნათქვამია სტატიაში.

დღის ამბები