ნიკა მელია, მისი და ნიკა გვარამიას უცხოეთში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისინი, სავარაუდოდ, დუბაიში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ დავით კეზერაშვილთან შეხვედრას არ გეგმავს.
"კეზერაშვილი რაც უფრო შორს იქნება ქართული პოლიტიკისგან, მით უკეთესი ქვეყნის მომავლისთვის" - წერს მელია.
ნიკა მელიას რიტორიკას იმეორებს პარტია "ახალის" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი, რომელიც განმარტავს, რომ ისინი კეზერაშვილთან შეხვედრას არ გეგმავენ, თუმცა სად იმყოფებიან მისი პარტიის ლიდერები, არ ამბობს და აღნიშნავს, რომ თავად გააკეთებენ განცხადებას.
"ჩვენ არ ვაპირებთ დავით კეზერაშვილთან შეხვედრას არასდროს, არც ახლა და არც სამომავლოდ. მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანის რაიმე ფორმით ქართულ პოლიტიკაში ყოფნა დამაზიანებელია. მიგვაჩნია, რომ არასწორი ფულის გამოყენება და ფულით გავლენების მოპოვება არასწორია.
ისინი საკუთარ გადაადგილებაზე თავად გასცემენ პასუხს. მე რა ინფორმაცია მაქვს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი თავად გასცემენ პასუხს. დავით კეზერაშვილთან არც ერთ მომენტში არ ვაპირებთ შეხვედრას, რაიმე ფორმატების განხილვას და ა.შ.", - განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამია და ნიკა მელია უცხოეთში გაემგზავრნენ. "კურიერის" ინფორმაციით, პარტია "ახალის" ლიდერები დავით კეზერაშვილთან შესახვედრად წავიდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, საუბრის თემა, მიმდინარე მოვლენები და საპროტესტო აქციები იქნება. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პროტესტის შედეგით და დახარჯული თანხებით უკმაყოფილოა.