16 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
კახა კალაძე: ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველო, უპირველეს ყოვლისა - ეს არის ჩვენი პრინციპული მიდგომა და დამოკიდებულება

"ჩვენ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და ვიცავთ ხალხს. რამდენიმე თვით უკან რომ დავბრუნდეთ, ხომ გახსოვთ რა განცხადებები კეთდებოდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. პირდაპირ მოწოდებები იყო სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით:, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პირდაპირი მოწოდებები კეთდებოდა მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საქართველოს რომ მეორე ფრონტი გაეხსნა და სანქციებს მიერთებოდა, ეს იქნებოდა დამანგრეველი ქართული ეკონომიკისთვის და ქვეყნისთვის.

"ე.ი. ჩვენ უნდა გადაგვედგა ნაბიჯი, რომელიც დამანგრეველი იქნებოდა ქართული ეკონომიკისთვის, უნდა მივერთებოდით სანქციებს და ამით გავაუბედურებდით საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას. ისევ ის ადამიანები, დღეს ვინც გამოდიან და მოწოდებებს აკეთებენ, ისინი მოგვიწოდებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილს თუ არ გამოუშვებთ ციხიდან, დემოკრატიის თვალსაზრისით უკან დგამთ ნაბიჯს და შორდებით ევროპულ ღირებულებებსო. წარმოუდგენელია. პირდაპირი მოწოდებები კეთდებოდა მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით და ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა და გადაგვედგა ნაბიჯი, მეორე ფრონტი გაგვეხსნა ქვეყანაში, სანქციებს მიერთებოდა ჩვენი ქვეყანა, დღეს რა ვითარებაში იქნებოდა ჩვენი საქართველო? რა მდგომარეობაში ვიქნებოდით?! გვექნებოდა სრული ჯოჯოხეთი. შესაბამისად, მე მესმის ამ ადამიანების, მესმის მათი განცხადებები, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველო, ჩვენი სამშობლო, უპირველეს ყოვლისა - ეს არის ჩვენი პრინციპული მიდგომა და დამოკიდებულება აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები