17 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
"უნდა დასრულდეს ბავშვების მოტყუება, რომ წერომ ჩამოიყვანა" - ბავშვთა ფსიქოლოგი მოზარდებში სექსუალურ განათლებას მიესალმება

"არ შეიძლება, განათლებამ ადამიანს უბიძგოს გარყვნილებისკენ," - ასე ეხმაურება ბავშვთა ფსიქოლოგი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც სექსუალური განათლების შესახებ ვიდეოგაკვეთილების ავტორი, ხატია ახალაია, გააკრიტიკა და ბავშვების გარყვნილებაში დასდო ბრალი.

მაია ცირამუა აცხადებს, რომ სექსუალური განათლება ბავშვებში პრევენციულ ხასიათს ატარებს.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბავშვებს აქვთ სრული უფლება, იცოდნენ საკუთარი თავი და სხეული შეიცნონ.  

„ის, რა მცდელობაც ხატიას ჰქონდა და ზოგადად, ცოდნის შეტანა საზოგადოებაში, ბავშვებში, მათ მშობლებში ნამდვილად პრევენციულ ხასიათს ატარებს. ბავშვს აქვს სრული უფლება, იცნობდეს საკუთარ სხეულს. ის ჯერ ადრეულ ბავშვობაში ინტერესდება საკუთარი სხეულით, როდესაც შეიძლება, აღმოაჩინოს, რომ აქვს სასქესო  ორგანო. ძალიან ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ბავშვები ეწევიან თვითსტიმულაციასაც. ესაც პრობლემაა ხშირად, როგორი რეაქცია აქვთ მშობლებს, როგორ სჯიან მაშინ, როდესაც მეცნიერებაში მიჩნეულია, რომ ეს არის ბავშვის განვითარების თანმდევი პროცესი,“ - განაცხადა მაია ცირამუამ.

მისივე თქმით, ბავშვები უკვე 4 წლიდან ინტერესდებიან, თუ როგორ გაჩნდნენ და მშობლები, ძირითადად, მიმართავენ სხვადასხვა სახის ტყუილებს, რაც დაუშვებელია.

„უნდა დასრულდეს ბავშვების მოტყუება, რომ წეროს ჩამოიყვანა,“ - განაცხადა მაია ცირამუამ.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ის ხატია ახალაიას სექსუალურ გაკვეთილებში პრობლემას ვერ ხედავს.

„მე მყოლია გოგონა , რომელსაც ჰქონდა სერიოზული ემოციური პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი მკერდი ასიმეტრიულად ვითარდებოდა. ხატიას აქვს აქ ინფორმაცია, რომელიც ასეთ გოგონას ეტყვის, რომ ეს ნორმალური განვითარების ნაწილია და ნუ შფოთავ, იმიტომ, რომ არავინ არ ეუბნება ამას. 21-ე საუკუნეა და ძალიან ბევრმა გოგონამ არ იცის მშობლისგან, რომ ციკლი დაეწყება,“ - განაცხადა მაია ცირამუამ

ამავე თემაზე
დღის ამბები