„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულებულია. ირაკლი კობახიძემ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესახებ პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაახმოვანა. კობახიძის განცხადებით იმის მიუხედავად, რომ მმართველმა პარტიამ შეაჩერა მოსამართლეთა ათკაციანი სიის განხილვა, აღნიშნულ საკითხზე დისკუსიამ არაჯანსაღი ხასიათი მიიღო. კობახიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე მომზადდა არაკოსტიტუციური კანონპროექტი.
„საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად იქნა შემუშავებული,“-აცხადებს კობახიძე.
მისი თქმით, ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა და კიდევ უფრო პრობლემური გახდება სასამართლოში გადატვირთულობა.
„ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ცხადია, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას,"- განაცხადა კობახიძემ.