საეკლესიო და საერო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დემოგრაფიის საკითხებზე იმსჯელეს. საპატრიარქოს ინიციატივით, კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მუცლად მყოფი ჩანასახის სამოქალაქო სტატუსის განსაზღვრა მოხდება, ამის შემდეგ კი აბორტის მსურველი ქალის მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება.
„ჩვენი შეხვედრის მიზანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ბავშვის სტატუსი განისაზღვროს, რომ ის წარმოჩნდეს და მისი სტატუსი განისაზღვროს, როგორც ჩანასახში არსებული პიროვნების. ასე არის ქრისტიანულადაც, ასე არის საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ კონსტატირებული და ჩვენც არ უნდა ჩამოვრჩეთ. თანამედროვე მსოფლიო ამ მიმართულებით მიდის,“ - განაცხადა მამა გიორგიმ (ფირცხელანი).
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კანონით მუცლად მყოფი ჩანასახი ზუსტად იგივე უფლებებით უნდა სარგებლობდეს, როგორითაც ჩვეულებრივი მოქალაქე.
„მნიშვნელოვანი არის ჩანასახის სტატუსის განსაზღვრა. ჩვენი კანონმდებლობა აღიარებს მემკვიდრეობით უფლებას, ეს არის ასახვა მისი სხვა დანარჩენი უფლებებისაც კანონში და ამიტომ შეიძლება ამ თემის უფრო მეტად განვრცობა საკანონმდებლო სფეროში, რომ სრული უფლებები, რითიც ვსარგებლობთ ჩვენ, გვქონდეს ჩანასახზეც. თუ კარგად გავაანალიზებთ, დავდგებით სურათის წინაშე - ყველაზე უფრო უსუსური და დაუცველი ადამიანი არის, უდიდესი ძალადობის ქვეშ, პირდაპირ სიკვდილის განაჩენის ქვეშ,“ - განაცხადა მამა ანდრიამ (ჯაღმაიძე).