19 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
ბესელიას და ფოფხაძეს არ უშველათ ტაქტიკამ, რომ, ვითომ, ივანიშვილს კი არა, კობახიძე-მდინარაძეს უპირისპირდებოდნენ - ნინო გოგუაძე

ოპოზიცია და ანალიტიკოსები „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვის და მთლიანად პარლამენტში მიმდინარე პროცესებში ბიძინა ივანიშვილის როლზე საუბრობენ.

„თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს და ყველაფერი მისი მითითებით ხორციელდება.

გოგუაძის თქმით, ივანიშვილს მურუსიძე-ჩინჩალაძე სჭირდება იმისთვის, რომ სასამართლო მთლიანად დაიმორჩილოს.

გოგუაძე ასევე ეხმაურება ეკა ბესელიას მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას და ამბობს, რომ დეპუტატის მხრიდან კობახიძე-მდინარაძესთან დაპირისპირება სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ტაქტიკური სვლა იყო.

„ამ ქვეყანაში ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ყველაფერზე გადაწყვეტილება მიიღება მისი მითითებით და მისი მეთოდებით. არ ვიცი, რისთვის დასჭირდა ბესელიას სასამართლოსთან, კობახიძესთან და მდინარაძესთან დაპირისპირება - ეს იყო მისი ტაქტიკური სვლა, ეტყობა, რადგან ყველასთვის ცხადი არის, რომ სასამართლოს დამორჩილება გადაწყვიტა სწორედ ბიძინა ივანიშვილმა. მან ამოირჩია მურუსიძე და ჩინჩალაძე, რომლებიც დახელოვნებულები არიან ხელისუფლების მიერ დავალებების შესრულებაზე. როგორც ჩანს, არც ბესელიას, არც გედი ფოფხაძეს და არც სხვა ადამიანებს არ უშველათ ასეთმა ტაქტიკამ, რომ, ვითომ, ბიძინა ივანიშვილს კი არ უპირისპირდებოდნენ, არამედ უპირისპირდებოდნენ კობახიძეს და მდინარაძეს, რომლებიც არანაირ პოლიტიკურ ფიგურას არ წამოადგენენ,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დღის ამბები