მამუკა ხაზარაძისადმი გაგზავნილ სკანდალურ წერილზე, რომელიც პროკურატურამ ფარატინა ფურცლად გამოაცხადა, შესაძლოა, შს მინისტრის ანაბეჭდები ან დნმ-ის კვალი იყოს. წერილი ლონდონში კომპლექსურ ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, მათ შორის ბრიტანელი ექსპერტები ეცდებიან ფურცელზე, სადაც სკანდალური მოთხოვნებია, თითის ანაბეჭდის კვალი იპოვონ.
"კურიერთან" ინტერვიუში მამუკა ხაზარაძის წარმომადგენელი იხსენებს, რა ვითარებაში გადასცა გიორგი გახარიამ წერილი შუამავალს.
მამუკა ხაზარაძის ადვოკატის თქმით, ლონდონში ექსპერტიზაზე ვერ დადგინდება ანაბეჭდი უშუალოდ ეკუთვნის თუ არა შს მინისტრს. ზვიად კორძაძის განცხადებით, ის თუ ვის ეკუთვნის ანაბეჭდი, საგამოძიებო უწყებამ უნდა გაარკვიოს.
„ლონდონში უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა დოკუმენტზე რაიმე სახის ანაბეჭდი და დაფიქსირდეს ეს ანაბეჭდები. თუ აღმოჩნდა ეს ანაბეჭდები, გადავცემთ გამოძიებას და გამოძიებამ მოახდინოს, ვისი ანაბეჭდი არსებობს, იმის იდენტიფიცირება. არსებობს ბაზა, არსებობს ბიომეტრიული პასპორტები, სადაც ჩვენ ყველას გვაქვს დატოვებული ჩვენი ანაბეჭდები. მერე მას შეეძლება, შეადაროს და მოახდინოს იდენტიფიკაცია. ლონდონი ვერ დაადგენს ვისი ანაბეჭდია. ის თუ აღმოაჩინა ანაბეჭდი, მხოლოდ მოახდენს მის ფიქსაციას,“- განაცხადა ზვიად კორძაძემ.
ზვიად კორძაძე ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძეს აქვს მოლოდინი, რომ წერილზე გიორგი გახარიას დნმ ან ანაბეჭდი იქნება.
„მამუკა ხაზარაძის მხრიდან ამის მოლოდინი იმიტომ, რომ მას მოუვიდა ეს წერილი, დანარჩენი გამოძიების საქმეა. შუამავალი არ სახელდება, სახელი და გვარი, თორემ მამუკას განცხადებით, შუამავალი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში, კაბინეტში და მოვიდა მასთან. ეს არ იყო ორი დღის მერე მოსული შუამავალი. ასეთი ტიპის ჩვენება იქნა მიცემული,“- განაცხადა ზვიად კორძაძემ.
სკანდალური წერილი ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა. უკვე ცნობილია იმ გზავნილის შინაარსი, რომელიც, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მტკიცებით, გიორგი გახარისგან მიიღო. წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძეს სამი პირობის შესრულებას სთხოვდნენ.
პირველი - ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღდეგ. მეორე - ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე - ტელეკომპანია "არტარეა," რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, ჩაერთოს პოლიტიკურ კამპანიაში.