06 ოქტომბერი 2024,   09:15
ვრცლად
ანა დოლიძე აზარტული თამაშების წინააღმდეგ საზოგადოებრივ კამპანიას იწყებს

ანა დოლიძე აზარტული თამაშების წინააღმდეგ საზოგადოებრივ კამპანიას იწყებს. კამპანია "დაიცავი შენი შვილი"" პარლამენტს საჯარო დისკუსიის გახსნას სთხოვს. მთავარი მიზანი აზარტული თამაშების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. 

კამპანია ფიზიკურ პირებთან ერთად იმ ორგანიზაციებსაც აერთიანებს, რომლებიც წლებია აზარტული თამაშების პრობლემებს სწავლობენ. მონაწილეები არსებული საკანონმდებლო ბაზის ხარვეზებზე მიუთითებენ და სუიციდის, უძრავ-მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვისა თუ ოჯახური ძალადობის საგანგაშო სტატისტიკაზეც საუბრობენ.

კამპანიის მოთხოვნებს სრულად იზიარებს ლევან გოგიჩაიშვილი. დამოუკიდებელი დეპუტატი თანამოაზრეებთან ერთად, კოლეგა კანონმდებლებს განსახილველად აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ ახალ საკანონმდებლო ინიციატივასაც სთავაზობს, რაც მისი წინა კანონპროექტისგან განსხვავებით, რეკლამის არა თუ შეზღუდვას არამედ სრულად აკრძალვას ითვალისწინებს.

აზარტული თამაშების უფრო მკაცრად დარეგულირების მომხრეა ეკა ბესელია. დამოუკიდებელი დეპუტატი ფინურ მოდელს უჭერს მხარს.

დაუჭერს თუ არა მხარს სათამაშო ბიზნესის რეგულირების ინიციატივას ოპოზიცია უცნობია. პარლამენტში არც "ნაციონალური მოძრაობისა" და არც "ევროპული საქართველოს" წევრებმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს, მმართველი გუნდი კი რეგულირების მომხრეა. აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვაში ეკონომიკურ რისკებს ხედავს ბიზნეს ომბუდსმენი.

როდის დაიწყება აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონპროექტების საპარლამენტო განხილვები ზუსტი თარიღი უცნობია. ჯერჯერობით დასაზუსტებელია კამპანიის სამოქმედო გეგმაც. 

 

 

დღის ამბები