26 აპრილი 2024,   15:21
ვრცლად
ატოცში განვითარებულ მოვლენებს ოპოზიცია ხელისუფლების უმოქმედობას უკავშირებს

ოპოზიციისთვის მიუღებელია რუსეთთან შერბილებული ტონით საუბარი და ე.წ. მცოცავ ოკუპაციას სწორედ არსებული პოლიტიკით ხსნიან. ატოცში განვითარებულ მოვლენებს ოპოზიცია ხელისუფლების უმოქმედობას უკავშირებს. 

როგორც "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე გიგი წერეთელი მიიჩნევს, ატოცში აღნიშნულ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო პროტესტი, პარალელურად ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაააქტიუროს თავისი მოქმედებები საერთაშორისო არენაზე.

"რაც ხდება ატოცში მიმაჩნია, რომ სამოქალაქო პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი, მაგრამ ბუნებრივია ხელისუფლებამაც მაქსიმალურად უნდა გაააქტიუროს თავისი მოქმედებები საერთაშორისო არენაზეც," - აცხადებს გიგი წერეთელი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი იმედოვნებს, რომ დასავლელის პარტნიორები მაქსიმალურად გააქტიურდებიან და სიტუაციის დეესკალაცია გარკვეული დონით მაინც მოხდება.

"ხელისუფლება, რომელმაც ეს ყველაფერი აქამდე მიიყვანა და რომელმაც გაატარა პოლიტიკა, რომელმაც ეს შედეგები გამოიღო სასწრაფოდ არის გასაშვები, სასწრაფოდ არის დასათხოვი მთავრობა და ვერასოდეს ივანიშვილმა ვერ უნდა დააკომპლექტოს მთავრობა საქართველოში," - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

მმართველ გუნდში ოპოზიციას თემით ანგაჟირებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ პრობლების მოსაგვარებლად ყველა შესაძლო გზას იყენებენ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, სწორი პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა მსგავს პროვოკაციაზე ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება მოვახდინოთ.

"არ არის სწორი, რომ არ არის პოლიტიკა, პირიქით არსებობს სწორი პოლიტიკა და იმაში მდგომარეობს, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, ყველა ასეთ პროვოკაციას არა თუ ავყვეთ არამედ დავაფიქსიროთ, საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება ვუზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა პარტნიორმა იცოდეს რა ხდება და რეაგირება მოჰყვეს მათი პოლიტიკური ჩართულობით," - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დღის ამბები