ნოემბრიდან ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის რეგულაციები მკაცრდება. თუ ობიექტზე, მათ შორის საცხოვრებელ ადგილას სტანდარტი დარღვეულია, საქმეში პოლიცია ჩაერთვება.
ახალი წესები ფულად ჯარიმებსაც ითვალისწინებს, თუმცა სანქციების ნაწილი სრულად მხოლოდ 2021 წლიდან ამოქმედდება. სავალდებულო ხდება დეტექტორის მონტაჟი. დეტალებზე დღეს კომპანია "თბილისი ენერჯის" წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
"უმჯობესი იქნება თუ კანონპროექტში ჩაემატება გაზის გაჟონვის დეტექტორების დამონტაჟება ყველა გაზის მომხმარებელთან. ასევე უმჯობესი იქნება კანონპროექტითვე აიკრძალოს დახურულ სივრცეებში ღია წვის კამერიანი დანადგარების მოხმარება, ეს ორი ფაქტორი არის პრევენციის საუკეთესო გზა, " - განაცხადა "თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის მოადგილემ გიორგი ლეფსვერიძემ.
"თბილისი ენერჯის“ დეპარტამენტის უფროსის ედიშერ ხორავას მოსაზრებით, უნდა გაიმიჯნოს, სად მთავრდება კომპანიების პასუხისმგებლობა და სად იწყება მომხმარებლის. მისი თქმით, უბედური შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა გაუფრთხილებლობით არის გამოწვეული.
გამკაცრებული რეგულაცია აბონენტებისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრებასაც ითვალისწინებს. ფიზიკური პირები 50 ლარით, იურიდიული და საჯარო დაწესებულებები კი 500 ლარით დაჯარიმდებიან.