18 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
საქრთველოს სამ რეგიონში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს დილიდან ქვეყნის სამ მუნიციპალიტეტში.

ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში ამომრჩეველი მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. სულ 7 საარჩევნო უბანია გახსნილი. ყველა მათგანში პროცესი საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით დილის 8 საათიდან დაიწყო. ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი ამ დრომდე მშვიდად, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში შუალედურ არჩევნებზე პირველი ამომრჩეველი ზუსტად რვა საათზე მივიდა. აფენელებს საკრებულოში წარმომადგენლის შესაყვანად არჩევანის გაკეთება "ქართული ოცნების", "ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატებს შორის მოუწევთ. ოპოზიცია და ხელისუფლებაც საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

საკრებულოს შუალედური არჩევნები დღეს ადიგენის რაიონშიც იმართება. ლაგოდეხელებისგან განსხვავებით არალის თემის მცხოვრებლებს არჩევანის გაკეთება მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატზე შეუძლიათ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოპოვებული წარმატების მიუხედავდ აფენში კანდიდატის დაყენება საჭიროდ არ ჩათვალეს.  

მხოლოდ "ქართული ოცნების" კანდიდატი იყრის კენჭს მარტვილში, კიწიის თემშიც. ოპოზიციის მტკიცებით, წინასაარჩევნო მონაკვეთში ხელისუფლებამ ხმების მოსყიდვითა და დაშინებით ჯანსაღი კონკურენციის შანსი მინიმუმამდე შეამცირა. ოპონენტების განცხადებას ცილისწამებას უწოდებენ მმართველ გუნდში.

შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით პირველი ბრიფინგი ცესკოში უკვე გაიმართა. საარჩევნო კომისიის სპიკერის განცხადებით, პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. შუალედურ არცევნებს მონიტორინგს 10 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი უწევს.

შუალედური არჩევნები ადიგენში, ლაგოდეხსა და მარტვილში 7 საარჩევნო უბანზე იმართება. საკრებულოში საკუთარ წარმომადგენელს სამივე თემში 6.798 მოქალაქე აირჩევს.

დღის ამბები