21 დეკემბერი 2024,   16:55
ვრცლად
სინოდის სკანდალური სხდომა და გაძევებული მიტროპოლიტი - მღვდელმთავრების შეკრება მოსალოდნელზე ხმაურიანი გამოდგა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა, დღეს მოსალოდნელზე უფრო მეტად ხმაურიანი გამოდგა. სინოდის განჩინებით ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა გათავისუფლებული იქნა ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობისგან, აეკრძალა მღვდელმოქმედება და გამწესებული იქნა მონასტერში მოსანანიებლად.

"უსამართლოდ გადამაყენეს მიზეზი საქართველოს ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილებაა" - ეს არის სიტყვები, რომლებიც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა საპატრიარქოს დატოვების შემდეგ, მედიას უთხრა.

ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოს სხდომა კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილებით დასრულდა. სინოდი დაკავებულ დეკანოზს შეწყალების რეკომენდაციას მისცემს. ქუთაის-გაენათის ეპარქიას კი მეუფე იოანე ჩაიბარებს.

დღეს ღიად დარჩა თემა, რომლის გამოც ფაქტობრივად, პატრიარქმა სინოდის რიგგარეშე სხდომა დანიშნა - რა რეაგირება ექნება ეკლესიას მეუფე იაკობის ბრალდებებზე. ასევე უპასუხოდ რჩება კითხვა, რას აპირებს საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებაზე.

საპატრიარქოდან გამოსულ მეუფე პეტრეს ჟურნალისტებმა განცხადების დაზუსტება მოსთხოვეს იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი მხილების გამო დასაჯეს,- რაზეც ჭყონდიდის ეპარქიის უკვე ყოფილმა მმართველმა კიდევ უფრო სკანდალური განმარტება გააკეთა:

"კათალიკოს პატრიარქი,  ერს ჰყავს პიდარასტიისმამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდში," - განაცხადა პეტრე ცაავამ.

უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში მეუფე პეტრე პირადად კათოლიკოს-პატრიარქს ადანაშაულებს. სხდომის პროტესტით დატოვების და საპატრიარქოსთან გაკეთებული განცხადების შემდეგ, გადაყენებულმა სასულიერო პირმა, "კურიერთან" კიდევ ერთი განმარტება გააკეთა, - მეუფე პეტრე ამბობს, რომ ის, საკუთარი ბრალდებების გასამყარებლად მოწმეების წარდგენას ითხოვდა, რასაც სხდომაზე უკმაყოფილება მოჰყვა. სინოდის წევრების ინფორმაციით კი დახურულ კრებაზე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ მეუფე პეტრე ოთახიდან ხელით გაიყვანეს.

"მე ვითხოვდი, რომ ხვალ 12 საათზე გაგრძელებულიყო სინოდის სხდომა და მოეცათ ჩემთვის უფლება, რომ სჯულის კანონის თანახმად, დამემტკიცებინა ჩემი ბრალდება.

მე ჟურნალისტურად არ ვაპირებ ამას. მე ვითხოვდი სინოდის სხდომაზე დამტკიცებას, ადამიანები მოვიდოდნენ, რომლებიც დაადასტურებდნენ ჩემს ბრალდებას, მე ამის ყველანაირი რესურსი გამაჩნდა, ახლაც გამაჩნია. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც არიან მსხვერპლი ამ მდგომარეობის, საუბედუროდ რომელთა რიცხვი არ არის ცოტა. ზოგი ფსიქიატრთან დადის სამკურნალოდ, ზოგი ფსიქოლოგთან, ზოგმა უკვე იმკურნალა და ა.შ. თვით ფსიქოლოგებიც კი მერე მოძღვართან მიდიან სამკურნალოდ, ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი აქვთ მიღებული,"- განაცხადა მეუფემ.

ყოფილი მღვდელმთავარის თქმით, მას მონასტერში წასვლისკენ მოუწოდეს, რასაც არ დაემორჩილა.

"სულის გადარჩენა მართალთა ხვედრია, მე მერჩივნა დავსჯილიყავი სიმართლისათვის, ვიდრე ტყუილით გავმართლებულიყავი. ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას, როგორც მართალი კაცი, ღვთის, ერის და ეკლესიის წინაშე,"- განაცხადა მეუფემ პეტრემ.

უმკაცრესი იყო სინოდის წევრების შეფასებები. სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მეუფე პეტრემ მედიასთან იცრუა და დაუსაბუთებელი განცხადებები გააკეთა. მაღალი იერარქიის გავლენიანი სასულიერო პირები ამბობდნენ, რომ მეუფე პეტრე სინოდზე ილია მეორეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და გამოირჩეოდა უხეში საქციელით. მღვდელმთავრები ამტკიცებენ რომ სინოდი მას პროტესტის ნიშნად არ დაუტოვებია და ის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოდან თავად გააძევეს. სასულიერო პირების მტკიცებით დაპირისპირების მიზეზი ჭყონდიდის ყოფილი მღვდელმთავრის ხმაურიანი სატელევიზიო განცხადებები გახდა, სადაც ის ეკლესიაში არსებულ ვითარებაზე საუბრობდა, რის გამოც დღეს პატრიარქმა სინოდის სხდომაზე ეპისკოპოსს ბოდიში მოხდა მოსთხოვა.

ყველაზე ხმაურიანი სინოდის სხდომა დაგვიანებით დაიწყო და მხოლოდ ერთი საათს გაგრძელდა. სასულიერო პირების დიდმა ნაწილმა შენობა ავტომობილებით დატოვა და ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს. მოგვიანებით განცხადება გაკეთდა საპატრიარქოშიც. მეუფე დანიელმა დეტალურად განმარტა, რატომ მიიღეს სინოდის წევრებმა საეკლესიო 55 -ე კანონით გათვალისწინებული უმძიმესი გადაწყვეტილება:

"წმინდა სინოდმა ერთხმად მიმართა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს, რომ მას პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ხშირი ცილისწამებების გამო, გამოეთქვა სინანული, რაზეც მან უარი განაცხადა და დაემუქრა ეკლესიას კვლავ მხილებით, რის გამოც მის მიმართ მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილება, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე გათავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისგან, აეკრძალოს მღვდელმსახურება, გათავისუფლდეს წმინდა სინოდის წევრობიდან და გაიგზავნოს მონასტერში მოსანანიებლად," - განაცხადა მეუფე დანიელმა.

დღევანდელი სინოდის სხდომა სრული შემადგენლობით არ გამართულა. პატრიარქის მოწვევის მიუხედავად, სხდომას ვერ დაესწრო ისეთი გავლენიანი მღვდელმსახური, როგორიც ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველია. მეუფე გრიგოლის გარდა, საპატრიარქოში დღეს არ მოსულა მეუფე აბრაამი და მეუფე ლაზარე. ფოთისა და ხობის ეპისკოპოსი იმედოვნებს, რომ სინოდის წევრები დარწმუნებულები არიან უმძიმესი გადაწყვეტილების სისწორეში.

მეუფე პეტრე ერთ-ერთია იმ გავლენიან მღვდელმსახურებს შორის, რომელიც ყოველთვის ღიად საუბრობს ეკლესიის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე. ის პირველი ეპისკოპოსი იყო, რომელიც ილია მეორეს მდივან რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის გავლენებზე და საპატრიარქოში რუსული ძალის გაძლიერებაზე ისაუბრა, მან ასევე ღიად დაუჭირა მხარი საუკუნის საქმის ახლა უკვე მსჯავრდებულ მამა გიორგი მამალაძეს. ჭყონდიდის გავლენიან ეპისკოპოსს საქართველოს პატრიარქისა და სინოდის წევრებისაგან 3 გაფრთხილება ჰქონდა მიღებული. დღევანდელ ყველაზე ხმაურიან სხდომაზე კი მძიმე განცხადებების შემდეგ სასულიერო პირს მონასტერში ცოდვების მონანიება ურჩიეს. 

დღის ამბები