21 დეკემბერი 2024,   17:21
ვრცლად
"ხელით არა, ფეხით არა - მაგრამ ხმით კი, უყვირა და პატრიარქის კვერთხი წაიქცა, ეს იყო ზღვარს მიღმა"- მეუფე ნიკოლოზი მეუფე პეტრეს ინციდენტზე

ახალქალაქის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა წმინდა სინოდის სხდომისა და ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტ პეტრეს შესახებ, რომელმაც დღეს პატრიარქთან დაკავშირებით სკანდალური განცხადებები გააკეთა, "კურიერის" ეთერში ისაუბრა.

მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ ადამიანის და მით უმეტეს, პატრიარქის შეურაცხყოფა არაქრისტიანული და არაჰუმანურია, რაც შესაბამის სასჯელს იმსახურებს. მისი თქმით, მსგავსი გამონათქვამების გამო, რომელიც ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა, მან ბოდიში მოიხადა, მეუფე პეტრე კი თავს დამნაშავედ არ გრძნობს.

"მეუფე იაკობმა ეს საქციელი მოინანია, მოქმედებით და სიტყვებით, და ჩვენც, როგორც ქრისტიანებს, არ გვაქვს უფლება, რომ ადამიანს, რომელიც ითხოვს ამ შენდობას, არ მივცეთ ეს. მეუფე პეტრემ ეს არ მოინანია,"- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ახალქალაქის მიტროპოლიტმა ვერსია, რომ თითქოს სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრე პატრიარქს ხელით შეეხო, უარყო.

"ხელით არ შეხებია ის პატრიარქს, ვერ შეეხებოდა, იმიტომ რომ იქ სხვა მღვდელმთავრებიც იყვნენ, მაგრამ როდესაც იგი ძალიან ახლო მანძილზე მივიდა პატრიარქთან და ძალიან ხმამაღლა გამოხატავდა, ადამიანური, ჩვეულებრივი ყვირილის ზღვარს მიღმა იყო მისი საქციელი, პატრიარქის კვერთხი, რომელიც იყო მიყუდებული, წაიქცა. არ ვიცი, თვითონ გაკრა ხელი თუ ყვირილისგან. პატრიარქის კვერთხი არ უნდა წაიქცეს. ეს უკვე გადასული იყო ზღვარს. როდესაც ადამიანთან ახლოს მიხვალ და მთელი ძალით დაუყვირებ, არის ეს ფიზიკური შეხება? ჰაერის ტალღები, რომელსაც შენ წარმოქმნი, ხომ ზემოქმედებას ახდენს, ხელით არ შეხებია და ვერც შეეხებოდა. ხელით არა, მხრით არა, ფეხით არა - მაგრამ ხმით კი,"- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე ნიკოლოზმა მეუფე პეტრეს მძიმე ბრალდებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასჯილი სასულიერო პირისგან ბრალდებები არ მოისმინება.

"ხარისხისგან დაყენებული, დასჯილი სასულიერო პირისგან ბრალდება არ მოისმინება საერთოდ, სანამ იყო სასულიერო პირი, ვერ გაბედავდა ამის თქმას,"- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. 

მეუფე ნიკოლოზის თქმით, მეუფე პეტრეს ღვთისმსახურება მხოლოდ დროებით აეკრძალა და შენანების შემთხვევაში, მას სტატუსის აღდგენის შანსი აქვს. ნიკოლოზმა ისაუბრა განკვეთის შესაძლებლობაზეც და აღნიშნა, რომ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ "მოინდომებს" მეუფე პეტრე ეკლესიისგან განიკვეთოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები