24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
"მან ფაქტობრივად აღიარა, რომ მეუფე იაკობთან საუბარი იყო სწორი" - რომან გოცირიძე პრემიერზე  

პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მან ქართული ეკლესიის გარშემო განვითარებულ მოვლენებში გარკვეული ძალები სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ შეტევაში დაადანაშაულა, კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები საეკლესიო გადატრიალების მცდელობის სხვაზე გადაბრალებას ცდილობენ. 

როგორც პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, გიორგი გახარიამ საკუთარი განცხადებით აღიარა, რომ მეუფე იაკობის ნათქვამი რეალობაა. 

"ამ განცხადებით მან ფაქტობრივად აღიარა, რომ მეუფე იაკობთან საუბარი, რომლის გამოძიება არ უნდა არც პროკურატურას და არც სხვა საგამოძიებო ორგანოს, იყო სწორი. ეს ამავე დროს დაადასტურა სინოდმა. გახარია, რომელიც მონაწილეობდა საეკლესიო გადატრიალებაში, რომელსაც უნდოდა ჩაეთრია სასულიერო პირები მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, ფაქტობრივად, არის დამნაშავე, არის ამ პროცესების პროვოკატორი, რომელიც შემდეგ მოხდა სინოდზე. ივანიშვილისა და მისი გუნდი საეკლესიო გადატრიალების ახლა სხვებზე გადაბრალების თუ თავის გამართლების მცდელობაა, მაგრამ ამას არავინ დაიჯერებს“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.

"ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივნის გიგი უგულავას თქმით, ხელისუფლების წევრები, ტრადიციულად, ყველაფრის ოპოზიციაზე გადაბრალებას ცდილობენ. 

"იარა, ქექა, "იჩალიჩა" პატრიარქის გადაყენება, ტრაგედია დაატრიალა რუსთაველზე და ისევ მოადგა ოპოზიციას და ისევ იგივე ოპერაა, რასაც 7 წელია ვისმენთ "ქართული ოცნებისგან", - აცხადებს გიგი უგულავა.

 

 

დღის ამბები