ვენეციაში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი წყალდიდობაა. წყლის დონემ რეკორდულ მაჩვენებელს, - 154 სანტიმეტრს მიაღწია. ისტორიულ ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნაწილში, წმინდა მარკოზის მოედანზე. მნიშვნელოვნად დაზიანდა ისტორიული ძეგლი - წმინდა მარკოზის ბაზილიკა. მერმა ლუიჯი ბრუნარომ ვენეციაში შექმნილ სიტუაციას საგანგაშო უწოდა და განაცხადა, რომ მიყენებულმა ზარალმა მილიარდ ევროს გადააჭარბა.
"ვენეცია ნადგურდება. ძალიან რთული ვითარებაა. თუმცა, პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით. ყველა მოქალაქეს ვინც აქტიურად გვეხმარება მადლობას ვუხდით," - ამბობს ლუიჯი ბრუნარო.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქის 80% წყლითაა დაფარული. ვენეციის ისტორიული ნაწილის გარდა, დაზიანებული და დატბორილია საცხოვრებელი სახლები, კაფეები და რესტორნები. უკიდურესად მძიმე ვითარების მიუხედავად, ქალაქში ტურისტების ნაწილი მაინც რჩება.
ვენეციაში მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა მხოლოდ 1966 წელს დაფიქსირდა, როცა დატბორვისას წყლის დონემ 194 სანტიმეტრი შეადგინა. მას შემდეგ, ქალაქი რამდენჯერმე დაიტბორა. სწორედ ამიტომ 2003 წელს პროექტი სახელწოდებით "მოსე" შემუშავდა, რომელიც წყალდიდობისას ქალაქის სპეციალური ბარიერებით დაცვას გულისხმობს, თუმცა, მისი განხორციელება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.