საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომის დაწყებამდე პარლამენტის წინ აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადება გააკეთა.
არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ფარგლებს სცდება.
"სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო 2 დღის განმავლობაში. მე საუბარი მაქვს პარლამენტის და სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებაზე და იმ აქტივობებზე, რომელიც ინსტიტუტების ბლოკირების მიზნით ვითარდებოდა. ეს მნიშვნელოვნად სცდება საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ფარგლებს. გუშინ საღამოს მე დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს პირადად და მათ ვთხოვე, დაბრუნებულიყვნენ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში, გაეგრძელებინათ მშვიდობიანი პროტესტი. ასევე, შევთავაზე მათ, რომ პარლამენტში გადაგვეტანა დისკუსია, გაგვემართა პოლიტიკური დებატები და ყველა იმ საკითხზე, რომელიც მათ აქვთ საკუთარი პოზიციები, გამოვთქვი მზადყოფნა, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო საქართველოს პარლამენტში.
განცხადება გააკეთეს აშშ-ს საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, სადაც მათ მიმართეს მხარეებს, ვინც შეკრებისა და გამოხატვის უფლებას იყენებს, მოუწოდეს კანონის დაცვით და კონსტიტუციის ფარგლებში ემოქმედათ,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.