15 ოქტომბერი 2024,   23:14
ვრცლად
ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გააგრძელებს - ამ წუთებში ლიდერები კონსულტაციებს მართავენ

საპროტესტო აქციები მწვავე ფაზაში გადადის - ამ წუთებში "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის წევრები კონსულტაციებს მართავენ და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, აქციები გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის მოთხოვნებს არ შეასრულებს.

"ქუჩის პროტესტი გაგრძელდება, რადგან სხვა ენა ხელისუფლებას არ ესმის. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მიერ გამოცხადებული ე.წ. გერმანული მოდელი დღეს უკვე აქტიური განხილვის ფაზაში იქნებოდა. ვერ მივცემთ ბიძინა ივანიშვილს იმის საშუალებას, განგვისაზღვროს როგორ ვიცხოვროთ 2020-ში და 2024-ში," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" წევრ პაატა დავითაიას ინფორმაციით, ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გააგრძელებს.

"დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ თუ როგორ ვიმოქმედებთ, როგორ გაგრძელდება პიკეტირება. ხელისუფლება როდესაც იყენებს ძალას, უშვებს ძალიან დიდ შეცდომას, მათ არ უნდა გამოიყენონ ეს ძალა, რადგან ეს არის მშვიდობიანი დემონსტრაცია და პიკეტი. რაც უფრო მეტ ძალას გამოიყენებენ, მით უფრო მძიმე ჩიხურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან," - განაცხადა პაატა დავითაიამ.

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი  გიორგი გუგავაც ადასტურებს, რომ აქციები მწვავე ფაზაში გადავა და პიკეტირება გაგრძელდება.

პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, დღეს გამოცხადება ახალი თარიღი, როდის გაიმართება მორიგი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია. ასევე,  ყოველდღიური გეგმა გაიწერება.

დღის ამბები