11 ოქტომბერი 2024,   22:54
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტთან - დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში პოლიციის დახმარებით შევიდნენ  

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის დაშლისა და პიკეტირების მოხსნის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოში დღეს დეპუტატების გამოჩენას ხმაური მაინც მოჰყვა. 

დაპირისპირება პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან "ქართული ოცნების" დეპუტატის, თემურ ჭკუასელის მისვლის შემდეგ დაიწყო. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პარლამენტში შესვლა სცადა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამის საშუალება მას არ მისცეს.

კიდევ ერთი დაპირისპირება პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან ოპოზიციასა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს შორის მოხდა.

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, დეპუტატებმა სხდომაზე შესვლა პოლიციის დახმარებით მაინც შეძლეს. საპოლიციო ძალები პარლამენტში გუშინდელი დღის შემდეგ არიან მობილიზებულნი. დაცვის განსაკუთრებული ზომები, საკანონმდებლო ორგანოს როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზეა გაძლიერებული. დეპუტატთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ვითარება ქვეყანას რიგგარეშე არჩევნებამდე მიიყვანს.

პროტესტის მიუხედავად, დეპუტატები სხდომათა დარბაზში დღის პირველ ნახევარში შეიკრიბნენ. სხდომას არ დასწრებია საპარლამენტო ოპოზიცია. პოლიტიკური განცხადებები დამოუკიდებელმა დეპუტატებმა გააკეთეს და ხელისუფლება "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაში დაადანაშაულეს. დღეს გამთენიისას აქციის დაშლა შეაფასეს და ამის შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვეს.

"ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა იყო გამოსვლების მთავარი გზავნილი მმართველი პარტიის წევრების მხრიდან. "ქართული ოცნების" დეპუტატები იმედს იტოვებენ, რომ 2020-ის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში მოსახვედრად საკმარის ხმებს ვერ აიღებს.

პლენარული სხდომა აქციების და მწვავე პოლიტიკური შეფასებების ფონზე გაგრძელდა.  

 

ავტორი: ქეთი ზანთარაია 

დღის ამბები