11 ოქტომბერი 2024,   21:31
ვრცლად
ცივი დილა რუსთაველზე - საარჩევნო ცვლილებების ჩაგდების გამო დაწყებული საპროტესტო აქცია სპეცრაზმმა უკვე მეორედ დაშალა

პარლამენტთან სპეცდანიშნულების რაზმი აქციის დასაშლელად ჩიტაძის ქუჩიდან გამთენიის 5 საათისთვის გამოჩნდა. პარალელურად საპოლიციო ძალები ჭიჭინაძის ქუჩიდანაც დაიძრნენ.

სპეცრაზმთან ერთად აქციაზე მთავარი საპოლიციო შეიარაღება დღეს წყლის ჭავლი აღმოჩნდა. პარლამენტის პიკეტირების შესაჩერებლად ძალოვანმა უწყებამ წყლის ჭავლი გამოიყენა. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი მოქალაქეებისგან ძალის გამოყენებით გათავისუფლდა.

სამართალდამცველები აღჭურვილი იყვნენ ცრემლსადენი გაზის ყუმბარების სასროლი იარაღებითაც, თუმცა მათი გამოყენების საჭიროება არ დამდგარა. აქციის დაშლისას პოლიციამ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 28 ადამიანი დააკავა. ისინი დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ყველა მათგანი ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს.

დაკავებულებს შორის იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკაკი მინაშვილიც, რომელიც ადვოკატის მიერ მონახულების შემდეგ მალევე გაათავისუფლეს.

პიკეტის დაშლამდე პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირება ტერიტორიაზე შეშის შეტანის მცდელობას მოჰყვა, რა დროსაც სამართალდამცველებმა "ევროპული საქართველოს" წევრები შემოწმების მიზნით გააჩერეს. შეხლა-შემოხლის შემდეგ პოლიტიკური ლიდერები გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა პოლიციამ ტერიტორიიდან განარიდა. ღამის განმავლობაში აქციაზე პარტიის რამდენიმე აქტივისტიც დააკავეს.

პარლამენტის შესასვლელებთან, იქ, სადაც აქციის მონაწილეები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ, სპეცრაზმის გამოჩენამდე საპატრულო პოლიციისა და მერიის წარმომადგენლები მივიდნენ. მათ მომიტინგეებს გზის სავალი ნაწილისა და საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიის გათავისუფლებისთვის ნახევარი საათი მისცეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში პარლამენტის ბლოკირებული შესასვლელები არ გაათავისუფლეს, პროტესტი კი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს გასცდა.

აქციის დარბევისას 3 ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა კლინიკაში მოათავსეს. ერთ-ერთმა მათგანმა თვალის დაზიანება მიიღო, რომელსაც შესაძლოა ქირურგიული ოპერაციაც დასჭირდეს. საავადმყოფოები სამივე დაშავებულმა რამდენიმე საათში დატოვა. გამთენიისას, აქციის შოკურ მდგომარეობაში მყოფი ერთ-ერთი მონაწილის ჰოსპიტალიზებაც გახდა საჭირო, რომელსაც ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუდგინდა.

სპეცრაზმის გამოყვანის შედეგად დედაქალაქის მთავარ გამზირზე კარვები აიღეს, საავტომობილო გზა დილიდანვე გახსნეს და ტერიტორიის დასუფთავებაც დაიწყეს. დაშლილი აქციის მიუხედავად, ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელი გეგმებით პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ.

14 ნოემბერს საარჩევნო ცვლილებების ჩაგდების მიზეზით დაწყებული საპროტესტო აქცია სპეცდანიშნულების რაზმმა უკვე მეორედ დაშალა. საპოლიციო ძალებმა პარლამენტის პიკეტის შესაჩერებლად წყლის ჭავლის მანქანა ჯერ 18 ნოემბერს, შემდეგ კი გასულ ღამეს გამოიყენეს.

ავტორი: ლელუკა ჯავახიშვილი

დღის ამბები