18 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
დისკუსიის 50-ე რაუნდი ჟენევაში - მონაწილეები საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის საკითხს განიხილავენ  

ჟენევაში დისკუსიის 50-ე რაუნდი გაიხსნა. მთავარი თემა, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის გათავისუფლებაა. ვაჟა გაფრინდაშვილის მაგალითზე საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ კრიტიკულ ვითარებაზე, ჩაკეტილ გადასასვლელებსა და ჰუმანიტარულ პრობლემებზე გაამახვილებს ყურადღებას. 

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ტოივო კლაარი იმედს იტოვებს, რომ ქართველ ექიმს უახლოეს პერიოდში გაათავისუფლებენ. შეხვედრის დაწყებამდე, ტოივო კლაარმა აღნიშნა, რომ გაფრინდაშვილის მსგავსი დაკავებების შემთხვევები, რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყდეს. 

“ყველამ იცის, რომ დაძაბული სიტუაციაა, ზუსტად ეს იქნება თემა, რაზეც ფოკუსირებულები ვიქნებით. ფაქტია, რომ ჟენევის დისკუსიები მიმდინარეობს. წლების განმავლობაში მცირე შედეგები გვაქვს. უფრო მეტად რთული სიტუაცია გვქონია, გვქონდა ნაკლებად რთული მდგომარეობაც. ცხადია, ახლაც მეტად რთული ვითარებაა. ის ფაქტი, რომ ექიმი გაფრინდაშვილი პატიმრობაშია, კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ წლების განმავლობაში გვყავს დაპატიმრებული ადამიანები. ჩვენ საკითხთან სერიოზულობა გვმართებს და გვაქვს იმედი, რომ მას შემდეგ, რაც აგვისტოში ჩორჩანას ინციდენტი ვნახეთ, ორივე მხარეს სერიოზული დისკუსიის ინტერესი ექნება. ჩემი პირადი აზრია, რომ გაფრინდაშვილის მსგავსი დაკავებების შემთხვევები, რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყდეს. დე-ფაქტო მთავრობები ადამიანებს არ უნდა აკავებდნენ. ამიტომ, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ყურადღება გავამახვილოთ რეგიონში ჰუმანიტარულ სიტუაციაზე“ - აცხადებს ტოივო კლაარი. 

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის,  დროული გათავისუფლების საკითხი მთავარი თემაა არა მხოლოდ ქართული დიპკორპუსისთვის, არამედ მთლიანად სახელმწიფოსთვის. ამის შესახებ საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ვიქტორ დოლიძე საუბრობს.   

"ჩვენ ყველა დონეზე, საერთაშორისო ინსტიტუტებში ვაყენებთ ამ საკითხს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის ოფისში, ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისში. ახლაც, წითელი ჯვრის ოფისიდან მოვდივარ, სადაც მაღალი დონის 33-3 კონფერენცია იმართება, სადაც როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში მაღალ დონეზე დაყენებული იყო და დგას ეს საკითხი“ - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

 

დღის ამბები