"ნუ გვზღუდავთ" - ქუთაისში ჟურნალისტებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
მედიის წარმომადგენლები მერიის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. მათი თქმით, მერიის გადაწყვეტილება, რაც შენობაში შესასვლელად ერთჯერადი საშვის დაშვებას გულისხმობს, მიუღებელია. ისინი შეზღუდვის მოხსნას, ერთწლიან საშვს და აკრედიტაციას ითხოვენ.
"მერიის გადაწყვეტილება, რომ ერთჯერადი საშვის და პრესსამსახურის ნებართვის გარეშე შენობაში ვერ შევალთ, მიუღებელია. გაურკვეველია, რატომ დაწესდა შეზღუდვა? მოვითხოვთ, ერთწლიანი საშვები დაუშვან, რადგან ჩვენთვის ყოველჯერზე შეთანხმება შემაფერხებელია და უხერხულობას ქმნის," - განაცხადეს ჟურნალისტებმა.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თქმით, შეზღუდვა არ წესდება და ჟურნალისტები შენობაში პრესსამსახურთან შეთანხმებით ნებისმიერ დროს შევლენ.