"ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე და უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად სჩადიან,"- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, უნდა მოიხადოს თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა ჯართან დაკავშირებული განცხადების გამო ბოდიში.
პრემიერმა ხაზი გაუსვა ქართული არმიის სიძლიერეს და აღნიშნა, რომ მისი ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება.
"დღეს ქართველმა ჯარმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას და ანახა, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა და ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. ტერორისტები თავს დაესხნენ ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც 500-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცია წარმოდგენილი, რომლებიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ჯართან ერთად, მხარდამხარ იბრძვიან. არ ვიცი ბოლო მონაცემები, დასრულდა თუ არა ოპერაცია, ჯარისკაცები იბრძვიან იმისთვის, რომ ტერორიზმს მიუჩინონ თავისი ადგილი. ჩვენ, სამწუხაროდ, 5 დაჭრილი გვყავს, ეს მიუთითებს ქართული ჯარის სიძლიერეზე.
ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე და უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობისთვის, რასაც ყოველდღიურად სჩადიან და რომლის მაგალითიც გვქონდა დღეს. მინდა მათ ვუსურვო ჯანმრთელობა და რაც შეიძლება მეტი გამარჯვება,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.