პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოძრაობა "გაბედეს“ წევრებმა ნაძვის ხე მიიტანეს. სამოქალაქო აქტივისტებმა მასზე უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოსურათები დაკიდეს.
"გაბედეს“ წევრებმა ამგვარად გააპროტესტეს პროცესი, რომელიც პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს შენობის შიგნით მიმდინარეობს.
სამოქალაქო აქტვისტები ამბობენ, რომ მოსამართლეობის კანდიდატები "ქართული ოცნების" სათამაშოები არიან.
"რამდენიმე თვის წინ გვპირდებოდნენ პროპორციულს, სიტყვა გატეხეს, მოსახლეობა მოატყუეს, გადაგვაგდეს და ახლა გვეუბნებიან, რომ თითქოს მათ დანიშნულ მოსამართლეებს უნდა ვენდოთ და ეს ადამიანები უნდა იყვნენ უვადოდ დანიშნულები, რომლებიც ძველი ხელისუფლების დროსაც იყვნენ მოსამართლეები. რომელი მთავრობაც არის, იმასთან არიან ხოლმე. სანამ ხელისუფლებაში იქნება ოცნება, ესენი იქნებიან სათამაშოები და მერე ნამდვილად ვერ იქნებიან დაკავებულ თანამდებობაზე.“ - აცხადებს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი, ბექა ნათელაშვილი.