03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
სტიქიამ დასავლეთ საქართველოს სერიოზული ზიანი მიაყენა

უამინდობამ და გადაუღებელმა წვიმებმა სტიქია გამოიწვია თითქმის მთელს დასავლეთ საქართველოში.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა ჩხოროწყუს რაიონშია, სადაც ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა ევაკუაციის შესახებ უკვე გააფრთხილეს. წყალდიდობამ ელექტროენერგიის გარეშე დატოვა ათეულობით ოჯახი, წაქცეულია ელექტრობოძები და ხიდები. უკვე რამდნეიმე საათია პარალიზებულა მოძრაობაც.

სტიქიის ზონაში დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მაშველები, საპატრულო პოლიცია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

მაშველების დახმარება დასჭირდათ ქუთაისი-ალპანის დატბორილ გზაზეც, სადაც მათ  15 ადამიანი მანქანებიდან გამოიყვანეს. ერთი მიკროავტობუსი და სამი მსუბუქი მანქანა, სტიქიის შედეგად, წყალში აღმოჩნდა.

ადიდებულმა წყალმა წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთთან 300-ი მეტრის სიგრძის მაგისტრალი დატბორა. დაზიანებული გზა ამ დრომდე ჩაკეტილია. გადაუღებელმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია სვანეთში სადაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი ჩამოვიდა მესტიიდან ზუგდიდისკენ მიმვავალ გზაზე.

ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის გამო ორი მეწყერი ჩამოწვა მაღალმთიან აჭარაშიც. სტიქიამ ქედაში, ბათუმი -ადიგენის მონაკვეთი დააზიანა. სოფელ დანდალოს მონაკვეთზე ჩამოწოლილმა მეწყერმა ცენტრალური გზა გადაკეტა. მდინარე აჭარისწყალმა კი საავტომობილო გზას საყრდენი გამოაცალა და ასფალტის ნაწილი ჩამოანგრია.

უამინდობამ 5-ბალიანი შტორმი გამოიწვია აჭარის სანაპირო ზოლში. ქარის სიჩქარემ ბათუმში, გვიან ღამით 20 მეტრ წამს მიაღწია. ტალღებმა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ქვიშა ამოიტანეს, ქარმა კი ქობულეთში რამდენიმე ხე წააქცია.

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები