18 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
ოპოზიციისა და უმრავლესობის მოლაპარაკება დაძაბულ ვითარებაში წარიმართა

საკრებულოში მოლაპარაკება ოპოზიციის ლიდერებსა და მმართველ გუნდს შორის დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. გიორგი ტყემალაძე, ბექა დავითულიანი, ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე დახურულ კარს მიღმა საუბრობდნენ, თუმცა შეხვედრა ისე დასრულდა, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ოპოზიციონერი ლიდერები საკრებულოს თავმჯდომარეს კატეგორიულად სთხოვდნენ უმრავლესობის სხდომა ჩაენიშნა და საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძისთვის მანდატის ჩამორთმევის საკითხი დაეყენებინა.  

"როცა ამბობენ, რომ ემიჯნებიან მის განცხადებას, გარიცხონ პარტიიდან, დაატოვებინონ მანდატი და საერთოდ, გააგდონ საკრებულოდან ერეკლე კუხიანიძე. ადამიანი, რომელმაც შეურაცხყო ვაჟა გაფრინდაშვილი, ის ადამიანი, რომელიც ოკუპანტების ტყვეობაშია. თუ ამას არ იზამენ, მაშინ ესაა ლეგიტიმაცია იმისი, რომ ოკუპანტებმა აიყვანეს ტყვედ ვაჟა გაფრინდაშვილი,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ერეკლე კუხიანიძის განცხადებებს მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ უმრავლესობა ოპოზიციის შემოთავაზებულ დღის წესრიგს არ გაჰყვება და თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. 

"საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ადამიანისა და მისი ოჯახის მიმართ ყოველგვარი ემოციური განცხადების, მითუმეტეს, აგრესიულის გაკეთების უფლება და ფუფუნება არავის არ აქვს. მათ შორის, არც ერეკლე კუხიანიძეს არ ჰქონდა ამის გაკეთების უფლება. ერეკლე კუხიანიძემ ამაზე ჩვენთან შეხვედრაზე მოიხადა ბოდიში და მე არ ვამბობ, რომ ეს ბოდიში საკმარისია. უმრავლესობის გადაწყვეტილება იქნება უმრავლესობის გადაწყვეტილება. სხდომა შედგება მაშინ, როდესაც ჩვენ მივიჩნევთ საჭიროდ და არა მაშინ, როცა ისინი მოგვთხოვენ. ჩვენ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია სწორად,"-განაცხადა ბექა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში, მთელი დღის მანძილზე, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტებსა და საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე მოხდა. დაპირისპირება ოპოზიციონერ დეპუტატებს, მოძრაობა "შეცვალესა" და საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი კუხიანიძის ოთახში კარავი გაშალეს. საქმეში ჩაერთო საპატრულო პოლიცია, რომელმაც აქტივისტებს საკრებულოს შენობა ძალით დაატოვებინა, 4 მათგანი კი დააკავა.

სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები და ოპოზიციონერი ლიდერები საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატისთვის, ერეკლე კუხიანიძისთვის მანდატის ჩამორთმევას ითხოვენ. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მან საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გაავრცელა.

ამავე თემაზე
დღის ამბები