"გაუცხოების, სულიერი ფასეულობების ჩანაცვლების გამო, რომელსაც ადგილი აქვს თანამედროვეობაში, უყურადღებოდ რჩებიან მოზარდები, რომელთაც შესაძლოა, დახმარება სჭირდებათ," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რითაც 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულ გარდაცვალებას გამოეხმაურა.
პარლამნეტის თავმჯდომარემ მთავრობისა და პარლამენტის მექანიზმებზე არასრულწლოვანთა საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა.
"მინდა, მივუსამძიმრო ლუკა სირაძის ოჯახს და მწუხარება გამოვთქვა პარლამენტის სახელით, თითოეული თქვენგანის სახელით მომხდარის გამო. ეს არის ძალიან მძიმე ტრაგედია. სამწუხაროდ, გაუცხოების, სოლიდარული კულტურის შესუსტების, სულიერი ფასეულობების ჩანაცვლების, პროცესების აჩქარების გამო, რომელსაც დღეს აქვს ადგილი თანამედროვეობაში, უყურადღებოდ რჩებიან ადამიანები, მოზარდები, რომელთაც შესაძლოა, დახმარება სჭირდებათ.
მინდა, პირველ რიგში, მივესალმო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მთავრობისა და პარლამენტის კომიტეტების რეაგირებას აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, არა იმიტომ, რომ საზოგადოებამ ვინმეზე შური იძიოს ამ შემთხვევის გამო, არამედ იმიტომ, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რა გვჭირდება სკოლაში, რა გვჭირდება პოლიციაში და რა უნდა გავაკეთოთ, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ტრაგიკული შემთხვევები. უნდა გვახსოვდეს, რომ სხვისი შვილები დღეს, შეიძლება იყვნენ ჩვენი შვილები ხვალ. სწორედ ამ სულისკვეთებით და ამ გადმოსახედიდან გადავდგათ ნაბიჯები და უნდა გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც არის აუცილებელი. ეს არის ჩვენი შვილების ქვეყანა. ეს არის ჩვენი შვილების საზოგადოება, სადაც ახალმა თაობამ, ბავშვებმა, რომლებიც დღეს დადიან სკოლაში, ხვალ უნდა იარონ იმ სამსახურებში, იმ ქუჩებში და იმ სივრცეში, სადაც დღეს ჩვენ დავდივართ. უნდა იარონ პარლამენტში და თვითონ უნდა მიიღონ მომავალში გადაწყვეტილებები. ეს რომ გააკეთონ, დღეს ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი და დღეს ჩვენ გვაქვს ნაბიჯები გადასადგმელი," - აღნიშნა პარლამენტის თავჯდომარემ.
გარდა ამისა, არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებას მოუწოდა, რომ მოზარდებს ნიჰილიზმისკენ ნუ მოუწოდებენ.
მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ყველას აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება, მიმდინარე კამპანია არის ძალიან სახიფათო.
"განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო იმ საინფორმაციო კამპანიაზე, რომელიც მიმდინარეობს ამ შემთხვევის გარშემო და კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს თანამოქალქეებს, რომელიც აორგანიზებდნენ პროტესტის ძირითად აქტივობებს. ნუ მოვუწოდებთ ბავშვებს ნიზილიზმისკენ, ნუ ვაშინებთ ბავშვებს მომავლით, ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი, ნუ მოვუწოდებთ ნიჰილიზმისკენ. ეს არის ძალიან სახიფათო გზავნილი და მით უმეტეს, როცა ამ გზავნილს იმეორებენ უფროსები, ადამიანები, ვისიც სჯერათ ბავშვებს. ვეუბნებით ბავშვებს, რომ ცხოვრება არის საშინელი და ვეუბნებით, რომ საზოგადოებაში, ამ ქვეყანაში პრაქტიკულად პოზიტივის ადგილი არ არის, მათი ადგილიც არ არის. ეს არის ცალსახად არასწორი გზავნილი და ყველანი უნდა დავფიქრდეთ, სანამ ასეთი ტიპის კამპანიას დავგეგმავთ. ამის პოპულარიზაციით, სუიციდის ფაქტების პოპულარიზაციით, სამწუხაროდ სხვა მოზარდებიც და ადამიანებიც ინტერესდებიან და იმეორებენ ქცევას, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია.
გთხოვთ, რომ გავაკეთოთ პირიქით, მეტი იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა და ბავშვებმა დადებით გარემოში იცხოვრონ, მივცეთ მათ მეტი ოპტიმიზმი, მივცეთ სწორი შეფასებები და ვუთხრათ, როგორია უკეთესი სამყარო, როგორია უკეთესი სკოლა, საზოგადოება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის, რომ ჩვენმა და ყველას შვილებმა, ბავშვებმა იცხოვრონ უფრო ბედნიერ და პოზიტიურ გარემოში, ყოველ დილით ხალისით წავიდნენ სკოლაში," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.