გამოსცემს თუ არა საახალწლოდ პრეზიდენტი შეწყალების აქტს და მოხვდება თუ არა ამჯერად მაინც დეკანოზი გიორგი მამალაძე სიაში გიორგობის შემდეგ - საპატრიარქოს საეკლესიო კრების წევრების უმრავლესობისთვის გაურკვეველია, რატომ არ ითვალისწინებს სალომე ზურაბიშვილი სინოდის რეკომენდაციას.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მიიჩნევს, რომ დეკანოზის გათავისუფლების პოლიტიკური ნება არ არსებობს და მას ამის დიდი იმედი არ აქვს.
მამა ანდრია სარიას მოსაზრებით, პრეზიდენტმა იცის დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს შიდა განწყობა და ამიტომ არ ითვალისწინებს სინოდის შუამდგომლობას.
"არაოფიციალური განწყობა, მანამდე ოფიციალური განწყობა, მამა გიორგისადმი შეწყალების სურვილი იყო 0. შესაბამისად, დღესაც, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს, მე ვფიქრობ მან იცის საპატრიარქოს შიდა დამოკიდებულება მამა გიორგისადმი, რომ მას მიიჩნევენ დამნაშავედ, მას მიიჩნევენ კანონიერად დასჯილად. შესაბამისად, მათი მონდომება არის ძალიან სუსტი. არ აქვთ სურვილი მამა გიორგის შეწყალებისა,"- განაცხადა მამა ანდრია სარიამ.
ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას პრეზიდენტის ქმედების პროგნოზირება უჭირს, თუმცა აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილება ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.
"პრეზიდენტის მოქმედებების პროგნოზირება არის ძალიან რთული. თუ სალომე ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ის კიდევ ერთხელ იმოქმედებს ანტისახელმწიფოებრივად, კიდევ ერთხელ შელახავს ადამიანის უფლებებს და ყველაზე მთავარი: მისი ქმედებით ჩვენთვის შესაძლებელი იქნება მრავალ კითხვაზე გაეცეს პასუხი, რომელიც ამ შეწყალების თემებს უკავშირდება,"- განაცხადა გოჩა მირცხულავამ.
შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი დამნაშავედ პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მომზადებაში ცნო.
მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა დეკანოზის შეწყალების რეკომენდაციით პრეზიდენტს მიმართა, თუმცა ის ამ დრომდე არ შეუწყალებიათ.