ცოტნე გამსახურდიას მეუღლე დარწმუნებულია, რომ ინციდენტში მხოლოდ პატიმრობაში მყოფები არ მონაწილეობდნენ და მათი რიცხვი გაცილებით მეტია.
ოჯახი გამოძიების დასრულებას ელოდება და ყველა იმ პირის დაკავებას ითხოვს, ვინც პირველი პრეზიდენტის შვილის დაჭრაში მონაწილეობდა, მანამდე ოჯახის წევრები ვერსიებზე არ საუბრობენ, ბრალდებულებთან ცოტნე გამსახურდიას ნაცნობობას კი უარყოფენ.
კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი, თუმცა რამდენიმე ვერსიას განიხილავს. დაზარალებულის ინტერესების დამცველი საქმეზე უფრო მეტი განმარტების გაკეთებას მას შემდეგ აპირებს, რაც გამსახურდიას მდგომარეობა გაუმჯობესდება და მას პირადად გაესაუბრება.
რა გახდა 19 დეკემბერს სისხლიანი გარჩევის მთავარი მიზეზი, ამაზე სავარაუდოდ თავად დაზარალებული გამოჯანმრთელების შემდეგ ისაუბრებს.
ცოტნე გამსახურდია უკვე მეოთხე დღეა სამედიცინო დაწესებულებაშია, ამ ეტაპზე ექიმები ზედმეტი ქირურგიული ჩარევებისგან თავს იკავებენ და იმედოვნებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება.
გამოიკვეთება თუ არა სხვა პირის პასუხისმგებლობის საკითხი გამსახურდიას დაჭრაზე, გამოძიების მიმდინარეობისას გახდება ცნობილი, მანამდე კი შეუტყობინებლობისთვის დაკავებული, ინციდენტში მონაწილე თორნიკე ქვათაძე გათავისუფლდა.
ცნობილია, რომ მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე ასაჩივრებს.