ფინანსთა სამინისტროს იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც უწყება ითხოვს საბიუჯეტო დავალიანებების დაფარვას და ამისთვის ტელეკომპანიებს ერთდღიან ვადას აძლევს, ფინანსთა სამინისტროს ეს განცხადება სხვადასხვანაირად იყო აღქმული ტელეკომპანიებში.
ზოგიერთი ტელეკომპანია მიესალმება, რომ აუცილებელია დაიფაროს ყველა დავალიანება და გადასახადები ყველამ თანაბრად გადაიხადოს, ნაწილისთვის კი, ფინანსთა სამინისტროს ეს განცხადება ულტიმატუმის ენას ჰგავს და მათთვის ასეთი მოწოდება მიუღებელია.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ტელეკომპანიისთვის მიმდინარე დავალიანება უფრო მეტ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე დაგროვილი.
"ამ ეტაპზე მიმდინარე დავალიანება ჩვენ არ გვაქვს. როგორც კი, საგადასახადო სისტემა ჩადგა თანაბარ მდგომარეობაში, ჩვენ დაუყონებლივ დავიწყეთ მიმდინარე გადასახადების გადახდა. რაც შეეხება ძველ დავალიანებას, ჩვენ აუცილებლად გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დაცვით ბოლო თეთრამდე დავფარავთ.
რაც შეეხება დავალიანების წარმოშობის მიზეზებს, ჩავდექით უთანასწორო მდგომარეობაში, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ყოველთვიურად დაუმსახურებელი უპირატესობა ჰქონდა ჩვენს პირდაპირ კონკურენტს. ამის გამო ჩვენ აღარ შეგვეძლო ამ ვალდებულებების შესრულება, რამაც გამოიწვია ეს სიტუაცია, რაც არ არის სახარბიელო, - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" იურისტმა ანდრო ლაშხმა.
"TV პირველის" კომერციული დირექტორის ნანა აბურჯანიძის განცხადებით, ტელეკომპანიამ საგადასახადო სამსახურს პირველად მიმართა მიმდინარე დავალიანების ერთი თვით გადავადებაზე.
"5 წლის განმავლობაში, რაც ტელეკომპანია პირველი არსებობს, არცერთი თვე არ გადაუვადებია და არ ჰქონია იმის ფუფუნება, რომ რაიმე ბიუჯეტისთვის დაეგვიანებინა, როცა ამ პერიოდში თურმე ჩვენი კოლეგები სხვა ტელევიზიებში პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ და მილიონობით ვალს აგროვებდნენ ბიუჯეტის წინაშე. თითქმის პირველად მივმართეთ საგადასახადო სამსახურს თხოვნით რომ მიმდინარე დავალიანება გადაგვეხადა იანვარში, უცებ კი, ახალ წლამდე 7 სამუშაო დღით ადრე, ფინანსთა სამინისტრო რაღაც ულტიმატუმის რეჟიმში ერთი დღის ვადაში ითხოვს მიმდინარე დავალიანების დაფარვას," - აღნიშნა "TV პირველის" კომერციულმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ.
ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, ტელეკომპანიებს გადასახადების გადახდისთვის არათანაბარი საგადასახადო პირობები ჰქონდათ.
არხები, რომლებიც წლების განმავლობაში არ იხდიდნენ ბიუჯეტში გადასახადებს, სარგებლობდნენ დაუშვებელი უპირატესობით. 55 მილიონ ლარს მიაღწია, "რუსთავი 2"-ის, "იმედისა" და "მაესტროს" მიერ დაგროვილმა დავალიანებამ. ამის შემდეგ ჩვენ შევწყვიტეთ საერთოდ გადასახადების გადახდა და ველოდებით. ცხადად ფინანსთა სამინისტროსგან, ისმის განცხადებას, თუ რას უშვება ძველ დავალიანებებს, გვეუბნებიან, რომ რაღაც გრაფიკზე მუშაობენ, რაღაც რესტუქტურიზაციაზე საუბრობენ და მიმდინარე დავალიანებებს უკვე იხდიან. დიდი მადლობა ამით, ეს უსამართლობა ვერ გამოსწორდება. მე მოვითხოვ თანაბარ პირობებში ჩაყენებას, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ არხებს ძველ დავალიანებას გადაუნაწილებენ 5 წელზე, ან 10 წელზე, ეს ნიშნავს პრაქტიკულად პატიებას," - აღნიშნა ნინო ჯანგირაშვილმა.
ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებისგან დავალიანების დაფარვას ითხოვს და ერთდღიან ვადას აძლევს. საფინანსო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრმა ჯერ კიდევ 2019 წლის 14 აგვისტოს, საჯარო განცხადებით მიმართა ტელემაუწყებლებს, წლების განმავლობაში დაგროვებული საგადასახდო დავალიანების შესახებ, წარმოედგინათ ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებები და ასევე, დაეწყოთ მიმდინარე დავალიანებების გადახდა. ტელემაუწყებლებთან ამ დრომდე გრძელდება შეთანხმების პროცესი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელევიზიებმა არ დაფარეს დავალიანება, რის გამოც, შემოსავლების სამსახური იძულებულია განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები.
"რუსთავი 2"-ის დავალიანება 27 მილიონი ლარია, კომპანიის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, თანხის დაფარვა ეტაპობრივად ხდება, შეფერხება მხოლოდ დეკემბერში იყო, რაც გამოსწორდება.