საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომლის აღსაყდრების 42-წლისთავის აღსანიშნავად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინეს, ამბიონიდან მრევლს მიმართა.
"ეს არის ღვთის დიდი წყალობა, ღვთის მადლი, რომელიც მოგვფინა ჩვენ ყველას. მე მადლობელი ვარ ღვთისა და ჩვენი ერისა, რომ მომეცა საშუალება, შემესრულებინა ეს საქმე. ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოვებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ. დალოცვლილი იყავით. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისა. ჩვენთან არს ღმერთი,"- განაცხადა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, დღეს პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი გავიდა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ლიტურგია გაიმართა. საზეიმო მსახურებას თავად პატრიარქი, სინოდის წევრები, მრევლი და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.