18 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
"რუსთავი 2-ს", ”ტელეკომპანია პირველს” და ტელეკომპანია "კავკასიას" ინკასო დაედო

ფინანსთა სამინისტროს გაფრთხილების შემდეგ რამდენიმე ტელევიზიას ინკასო დაედო. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ტელევიზიებს შორისაა ”რუსთავი 2”, ”ტელეკომპანია პირველი” და ტელეკომპანია ”კავკასია”.

მიმდინარე დავალიანებების გამო შემოსავლების სამსახურმა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ღონისძიებას მიმართა. ფინანსთა სამინისტრომ ერთდღიანი ვადა ტელეკომპანიებს გუშინ მისცა.

"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ტელევიზიისთვის ინკასოს დადებას უსამართლო გადაწყვეტილებად აფასებს.

„დღეს, დაახლოებით ერთი საათის წინ, მივიღეთ შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ჩვენს საბანკო ანგარიშებს დაედო ინკასო, შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე. ეს არის შედეგი იმ გაფრთხილებისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ორი დღის წინ. ჩვენი პოზიცია უცვლელია, მე ვთვლი, რომ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მოქმედება ამ შემთხვევაში, ვინაიდან, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხება. ჩვენ, მენეჯმენტი ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს არ მოხდეს და ახალი წლის წინ, დღესასწაულების წინ, არხის პარალიზება არ მოხდეს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ 27 მილიონი ლარი დავალიანება დაგროვდა სწორედ იმის გამო, რომ ასეთი პრინციპულობა, რასაც ახლა იჩენს ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური, მათ არ გამოუჩენიათ წინა მენეჯმენტის პირობებში, წლების განმავლობაში, როდესაც ეს ვალი გროვდებოდა თვიდან თვემდე. რამდენიმე წელი გავიდა, არ განუხორციელებიათ ესეთი მოქმედება და ახორციელებენ დღეს, როდესაც ჩვენ ვიხდიდით უკვე მიმდინარე დავალიანებებს, უბრალოდ გვაქვს მცირედი გადაცილება დროში. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის და კიდევ ერთხელ ვამბობ, მოვუწოდებ ფინანსთა სამინისტროს, რომ არ გამოიყენოს ასეთი ღონისძიებები მომავალში, ჩვენ ვეცდებით, რომ მიმდინარე გადასახადები დავფაროთ,“ - აცხადებს პაატა სალია.

დღის ამბები