რადიოლოგიური კვლევა, რომელიც დღეისთვის იყო დაგეგმილი ცოტნე გამსახურდიას უკვე ჩაუტარდა. ოჯახის წევრების თქმით, დინამიკა მცირედით თუმცა დადებითია. ისინი დიდი ალბათობით რეაბილიტაციის პროცესის საზღვარგარეთ ჩატარებაზე საუბრობენ, თუმცა კონკრეტულად რომელ ქვეყანაში მოხდება გამსახურდიას გადაყვანა - ჯერ უცნობია.
"მდგომარეობა სტაბილურია, არის მცირედი დადებითი დინამიკა, გადაყვანაზე მაინც ვფიქრობთ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ ვართ დარწმუნებული, რომ გართულებები არ იქნება. უახლოეს დღეებში გადაწყდება სად მიგვყავს და როგორ,"- განაცხადა ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაურმა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მართვით სუნთქვაზეა. ცოტნე გამსახურდიას დაზიანებები თავისა და ფილტვის არეში აქვს მიყენებული. ინციდენტი 19 დეკემბერს ვერაზე მოხდა.
ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი, სასამართლომ 4 მათგანს პატიმრობა შეუფარდა, ერთი კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.