თაღლითური სქემის მსხვერპლი და სამშენებლო კომპანია "როიალ დეველოპმენტის" დაზარალებულები - ლაშა გოგოლაძე დიდ დიღომში არსებული კორპუსის მშენებლობის შეჩერებაზე საუბრობს და ყურადღებას მერიისგან ითხოვს. "კურიერს" გოგოლაძე უყვება, რომ აღნიშნულ კორპუსში შეძენილი ბინები, კონტრაქტის მიხედვით, მყიდველებს 2018 წლის 30 დეკემბერს უნდა ჩაბარებოდათ, თუმცა პირობების დარღვევის მიზეზი კომპანიის ფინანსური პრობლემები გახდა. დაზარალებული ამბობს, რომ ახლა “როიალ დეველოპმენტს“ ახალი მფლობელი ჰყავს და ახალი სახელი "ნიუ სითი" აქვს, მიზეზად კი შელახული რეპუტაციის აღდგენას ასახელებს.
"ნიუ სითის" დაზარალებულების ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიის ფინანსური პრობლემები 8 თვის წინ დაიწყო, დაზარალებულთა რიცხვი კი უკვე, დაახლოებით, 100-მდე ოჯახია. გარდა იმისა, რომ ყველა მათგანს ცხოვრება ნაქირავებ ბინაში უწევს, მყიდველთა 50 პროცენტი კუთვნილი ფართების გადაფორმებასაც ვერ ახერხებს. ისინი აცხადებენ, რომ კომპანიის ყოფილმა მფლობელმა ლევან ვადაჭკორიამ, თაღლითური სქემის მეშვეობით, ბინები გაყიდა, შემდეგ კი მფლობელისთვის გადაცემამდე, მოტყუებით იპოთეკით დატვირთა.
ნოტარიუსი ელისო შიხიაშვილი “კურიერთან“ კანონების მიხედვით მოქმედებაზე საუბრობს და მყიდველებს სასამართლო დავებისკენ მოუწოდებს.
დაზარალებულები ახლა ფინანსურ ვალდებულებებსა და არსებული პრობლემების მოგვარებაზე სრულ პასუხისმგებლობას “ნიუ სითის“ ყოფილ მფლობელს, ლევან ვადაჭკორიას აკისრებენ. ვადაჭკორიამ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ის ვალდებულებებისგან გათავისუფლებულია, რადგან კომპანიას ახალი მფლობელი ჰყავს.
“ნიუ სითის“ ახალი მფლობელი სოსო ფიჩხაძეა. ის კომპანიას 8 თვეა უძღვება, დაზარალებულებს თანაუგრძნობს, თუმცა ამბობს, რომ ზიანი, რომელიც მყიდველებს ლევან ვადაჭკორიას მფლობელობის პირობებში მიადგათ, მას არ ეხება.
ვიდრე ყოფილი და მოქმედი მფლობელები ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ, ასობით ოჯახი საკუთარი საცხოვრებელი ფართის დაკანონებას და აშენებას ითხოვს. დედაქალაქის მერიამ კომპანიის პრობლემების გამო მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი ჯერ "როიალ დეველოპმენტს", შემდეგ კი "როიალ სითის" 2020 წლის 13 დეკემბრამდე გადაუწია. ახლა იქ მშენებლობა არ მიმდინარეობს, თუმცა დაზარალებულებს მერიისა და შესაბამისი უწყებების დახმარების იმედი აქვთ.