აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - ადგილზე ახალგაზრდებმა ახალგორის ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა გააპროტესტეს და ხელისუფლებას უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვეს.
შეკრებილების თქმით, პროტესტის მიზანი მოსახლეობის და საზოგადოების ინფორმირებაა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც დევნილებს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ ადამიანებს აწუხებთ.
"ჩვენ ვართ აქ, მხოლოდ მშვიდობიანი მიზნით შეკრებილები. ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ ძალიან გვტკივა ის საკითხი, რომ ჩვენს ოჯახებთან ერთად, ვერ ვახერხებთ ახალი წლის შეხვედრას. მივმართავთ ყველა ადამიანს, მთლიანად საზოგადოებას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის საზოგადოების პრობლემა. აქ არ არის უკვე რაღაც პოლიტიკურ ან სხვა სახის ინტერესებზე საუბარი, ეს არის წმინდა საზოგადოებრივი საკითხი და ძალიან გვინდა დაგვეხმაროს საზოგადოება ამ საკითხებში,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ შალვა ქენქაძემ.