03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
7 მილიონ 200 ათას დოლარად გაყიდული უმდიდრესი ტერიტორია და რუსეთის მიერ აღიარებული შეცდომა

ზუსტად 147 წლის წინ, 1867 წლის 18 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს ალასკა ოფიციალურად გადაეცა. ჩრდილოეთის უმდიდრეს ტერიტორიას - დიდ მიწას, როგორც მას ალეუტები უწოდებდნენ, რუსეთი ვეღარ ინახავდა და მისი გაყიდვა გადაწყვიტა. ალასკა ამერიკის საკუთრება გახდა. 18 ოქტომბერს, როდესაც ტერიტორია შეერთებული შტატების იურისდიქციის ქვეშ გადავიდა, „ალასკის დღე“ უწოდეს და მას დღეს შტატის ყველა ქალაქში აღნიშნავენ. თუმცა ამ დღეს განსაკუთრებულად ზეიმობს ალასკის ბარანოვის კუნძული და მისი პატარა ადმინისტრაციული ცენტრი სიტკა, რუსული ამერიკის ყოფილი დედაქალაქი, რომელსაც გაყიდვამდე ნოვო არხანგელსკი ერქვა.

აღლუმი შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბენდმა და ალასკის სანაპირო დაცვის ოფიცრებმა გახსნეს. ძველებურ სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილმა სიტკელებმა ქალაქის მთავარ ქუჩაზე ტრადიციულად სროლით ჩაიარეს.
ოფიცრების მარშს კი მოჰყვა მსვლელობა, რომლის დროსაც ამერიკული, რუსული და მსოფლიოს სხვადასხვა კულტურა და ტრადიცია იყო წარმოდგენილი.

სიტკას მოსახლეობის მეათედი ალასკაზე მცხოვრები რუსების შთამომავლები არიან. რუსულენოვანი მოსახლეობა ცოტაა, თუმცა მოქალაქეების ის ნაწილიც კი, რომელიც რუსულად ვეღარ ლაპარაკობს, თავს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლად მიიჩნევს.

147 წლის წინ, როდესაც უილიამ სიუარდმა ალასკის შეძენის ხელშეკრულება გააფორმა, აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მოსახლეობის კრიტიკა მოჰყვა. გარიგებას „სიუარდის სისულელე“, ალასკას კი „სიუარდის საყინულე“ და „პოლარული დათვების ბაღი“ უწოდეს. რამდენიმე წელიწადში ალასკაზე ოქრო და ნავთობი აღმოაჩინეს და ის იქცა ამერიკის ერთ-ერთ უმდიდრეს ტერიტორიად. დღეს არავინ დავობს, რომ ალასკის გაყიდვა იყო ერთ-ერთი ყველაზე წამგებიანი გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთმა მიიღო. ალასკა 7.200.000 დოლარად გაყიდეს. თუკი გავითვალისწინებთ ტერიტორიის სიდიდეს, 1 კვადრატული კილომეტრი მიწის ფასი იმ დროს 5 დოლარიც არ გამოდიოდა.

დღის ამბები