პრეზიდენტმა მამალაძის არშეწყალების დასაბუთებისას ხაზგასმით თქვა, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ მას ეკუთვნის და პასუხისმგებლობასაც თავად იღებს.
ამ ფრაზებს, სხვებთან ერთად, მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახის წევრები და ადვოკატი პირდაპირ ეთერში ისმენდნენ, თუმცა მათ მთავარი კითხვები სწორედ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით გაუჩნდათ.
პირველივე შეფასებებში ითქვა, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური და სასულიერო პირების გავლენის ქვეშ მოექცა. მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე დეკანოზის ძმამ ზურაბიშვილი პატრიარქთან ფარულ გარიგებაში დაადანაშაულა.
დაცვის მხარის და ოჯახის პოზიციას იზიარებს სასულიერო პირების ნაწილი.
განმარტებები დღეს საპატრიარქოშიც გაკეთდა, სადაც უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეკანოზის შეწყალების საკითხი პრეზიდენტმა პატრიარქთან შეათანხმა.
კიდევ ერთხელ თქვეს, რომ შუამდგომლობის დაყენებისას სინოდის წევრების პოზიციები ერთსულოვანი იყო.
მამა ანდრია ჯაღმაიძემ კატეგორიულად გამორიცხა, რომ პრეზიდენტისადმი ოფიციალური მიმართვის უკან რაიმე სხვა შეთანხმება არსებობდა.
"ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც 9-წლიან სასჯელს იხდის, შეწყალებაზე უარი უკვე მეორედ ეთქვა.
პირველ ჯერზე გადაწყვეტილების მიმღები გიორგი მარგველაშვილი, ამჯერად კი სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელმაც დღეს სწორედ შეწყალებასთან დაკავშირებული ცნობილი სკანდალისა და 5-თვიანი მორატორიუმის შემდეგ, საშობაოდ მხოლოდ 5 პატიმრის მიმართვა დააკმაყოფილა.