18 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
წერილები, პასუხები და პასუხის პასუხები - როგორ აფასებენ ექსპერტები პრემიერის რეაქციას

მეგობრებისა და პარტნიორების გულწრფელობაში პრემიერს ეჭვი არ შეუტანია. თუმცა 4 კონგრესმენის მწვავე გზავნილში სუბიექტურ ეპიზოდებს კითხულობს. ამ მხრივ, გახარიამ მხოლოდ ეკონომიკური ნაწილი გამოჰყო. ისიც ნაწილობრივ, რადგან არაფერი თქვა ინვესტიციების შევიწროვების ბრალდებაზე. პრემიერი კამერებთან პარტნიორების გრძელი და კრიტიკული სიის არც სხვა საკითხებს ჩაღრმავებია, წერილობითი მიმოწერა კი როგორც თავად თქვა, "ის ფორმა" არ არის.

კონგრესმენი კინზინგერის ჯერ კიდევ პირველ წერილს პრემიერმა მალევე, 17 დეკემბერს უპასუხა, თუმცა ამით კორესპონდენცია არ ამოწურულა, მეტიც, კიდევ უფრო ღია გახდა. სწორედ ეს ფაქტორი აფიქრებინებს ოპოზიციას, რომ პარტნიორები ხელისუფლების ნაბიჯებთან ერთად მათი პასუხებითაც უკმაყოფილოები არიან. 

წერილებს, პასუხებსა და პასუხის პასუხებს დღეს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტიც გამოეხმაურა. ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც წლებია ქართული საზოგადოების განწყობებისა მონიტორინგს ახორციელებს. ლორა თორნტონი ხელისუფლებას იმ რაკურსს აჩვენებს, რომლითაც კრიტიკული წერილები უნდა განიხილონ.

ხელისუფლებაში დღეს კვლავ გაიმეორეს, რომ წერილში არსებობს უზუსტობები, რასაც კონგრესმენებისთვის სუბიექტური ინფორმაციის მიწოდება უძღვოდა წინ. ამ მხრივ, კი მმართველ გუნდში იმ კომუნიკაციურ პრობლემაზე მიუთითებენ, რაც საგარეო მიმართულების დეპუტატების გუნდიდან გასვლას მოჰყვა.

ორად გაიყო აზრი საექსპერტო წრეებში. ნაწილისთვის ხელისუფლება კრიტიკას რაციონალურ პასუხს უბრუნებს. ეს ნაწილი კონგრესმენებს თბილისში ჩამოსვლასა და რეალობის პირადად გაცნობას ურჩევს. ანალიტიკოსთა მეორე ნაწილი კი, უფრო მკაცრია. მათთვის ხელისუფლებას არასწორი ტაქტიკა აქვს არჩეული და ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონიდან კრიტიკული გზავნილები ამით არ დასრულდება.

ოთხმა კონგრესმენმა გიორგი გახარიას წერილი 22 იანვარს მისწერა, სადაც მკაცრად წამოჭრა ყველა ის კრიტიკული საკითხი, რაც ბოლო პერიოდში მუდმივი პოლიტიკური განხილვების თემადაა ქცეული. მათ შორის პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ანაკლიის კონსორციუმთან გაწყვეტილი ხელშეკრულება თუ დასავლური ინვესტიციების შევიწროვება საქართველოში.

დღის ამბები