სამართალდამცველებმა 24 იანვარს საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წევრები დაკითხეს, მათ შორის თარაშ შურღაია და ავთანდილ ცინცაძე.
დაპირისპირების ერთ-ერთი უშუალო მონაწილის, უმრავლესობის დეპუტატ ავთანდილ ცინცაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა უმრავლესობის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.
ცინცაძის განმარტებით, მან სამართალდამცველების ყველა კითხვას უპასუხა. მისი შეფასებით, ყურადღება დაპირისპირების გამომწვევ მიზეზებზე უნდა გამახვილდეს.
ცინცაძე მომხდარში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
"გუშინ ვიყავი გამოკითხვაზე. ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი, თუმცა მე მგონია, რომ პასუხგასაცემი ბევრი არაფერი არ იყო. ყველამ დაინახა რაც მოხდა. მგონი იმაზე უფრო უნდა ვამახვილებდეთ ყურადღებას, ეს რამ გამოიწვია. თუმცა მთელი დღე საუბრობდნენ, რომ ჩვენ გამოკითხულები არ ვართ. გამოკითხულები ვართ და ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში.
აქტივისტებს იმაზე გაეცათ პასუხი, როცა ადამიანი სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდა. მაშინ არანაირი პროტესტი არ გამოუხატავს არავის. ესენი არიან მათი მხარდამჭერები. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა, გასცდა ყველანაირ ჩარჩოს. ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, ეს იყო პირადი შეურაცხყოფა," - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
24 იანვარს საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.