პროკურატურის მიერ ბანკი "ქართუს" საქმეზე ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოტანილი სარჩელის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას ოპოზიციაში "საშიშ სიგნალს" უწოდებენ.
"დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია არა ის, არიან თუ არა გიგი უგულავა და ნიკა მელია დამნაშავეები, არამედ ის, თუ როდის გაახსენდა ხელისუფლებას მათი ბრალეულობა.
"საშიში სიგნალია ის, რაც მოხდა უგულავასთან დაკავშირებით, რაც მოხდა დღეს მელიასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო - აქ მე არ ვლაპარაკობ იმაზე, დამნაშავეა, თუ არ არის დამნაშავე ან ერთი, ან მეორე - ეს სხვა თემაა. აქ არის საუბარი იმაზე, როდის გაახსენდა ხელისუფლებას ამ ადამიანების თუნდაც დანაშაული (მე სასამართლო გადაწყვეტილებამდე, ბუნებრივია, არაფერს ვიტყვი) და როდის დაიწყო ამ ადამიანების დევნა,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ფიქრობს, რომ ეს პროცესები ოპოზიციონერი დეპუტატების გაჩუმების მცდელობაა.
"მე არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაპატიმრებების ეს სერია დამთავრდება გიგი უგულავას დაპატიმრებით. მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ლიდერი გააჩუმოს, მაგრამ მას ეს, ბუნებრივია, არ გამოუვა, იმიტომ, რომ დაპატიმრება ამ ვითარებაში, როდესაც ყველა, "ქართული ოცნების" გარდა აფასებს ამას როგორც პოლიტიკურ დევნას, ამ პროცესებს, პროტესტს არ შეაჩერებს ქვეყანაში,"-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას ბრალეულობასთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ამასთან, 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.